მიხეილ ჩხენკელი: ოზურგეთის თეატრის რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა და შედეგად გვაქვს ბრწყინვალე შენობა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვია და ახლად რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა.
მინისტრმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დირექტორსა და დასის წევრებს განახლებული შენობა მიულოცა, წარმატება და შემოქმედებითი წინსვლა უსურვა.
„ოზურგეთის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სრული რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა და შედეგად გვაქვს ბრწყინვალე შენობა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი მსახიობების, რეჟისორებისა და ყველა თანამშრომლისთვის. მინდა, ყველა მათგანს მივულოცო ახალი შენობა და შემოქმედებითი წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, თეატრის მოყვარულები აქ დიდი ინტერესით ივლიან, რათა შესანიშნავი სპექტაკლები იხილონ“,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ოზურგეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს სრული რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ჩაუტარდა. გურიის მხარეში ერთადერთი პროფესიული თეატრი
სექტემბერში ახალ თეატრალურ სეზონს განახლებულ შენობაში დაიწყებს. ოზურგეთის თეატრი თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი. მასში განთავსებულია ორი სრულფასოვანი სცენა, რადენიმე სარეპეტიციო ოთახი, ახალი საგრიმიოროები, რადიო სტუდია რადიო სპექტალების ჩასაწერად და სხვა. შენობა მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს, არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
თეატრის რეაბილიტაცია 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდა; მისი ბიუჯეტი 18 000 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ თეატრის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადამიანი დასაქმდა.