სოზარ სუბარი: მესტიაში ვითარების უკეთ გასაკონტროლებლად ლოკალური შტაბი შეიქმნა
“მესტიაში ვითარების უკეთ გასაკონტროლებლად ლოკალური შტაბი შეიქმნა, რომელსაც მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი ხელმძღვანლობს”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მესტიაში, კორონავირუსზე, ჯამურად, 430-მდე ნიმუშია აღებული.
„გვქონდა ახლა შტაბის შეხვედრა, მათ შორის, ეპიდემიოლოგებთან. ვითარება ამ დროისთვის არის ასეთი – გუშინ ექვსი ბრიგადა მუშაობდა, რომელიც ტესტირებას აკეთებდა. დღეს მათი რიცხვი უკვე გაიზრდება თორმეტამდე. გუშინ, ძირითადად, ეს ბრიგადები მუშაობდნენ ლენჯერსა და მესტიაში. ყველაზე მთავარი ცხელი წერტილი ამ ეტაპზე არის ლენჯერი, სადაც 320 ნიმუში აიღეს. ჯამურად, დაახლოებით, 430-მდე ნიმუშია აღებული. დღის პირველი საათისთვის ველოდებით ტესტების პასუხებს. ამოცანა გვაქვს, რომ დღეს ლენჯერი ამოვწუროთ, როგორც მთავარი წყარო, საიდანაც გავრცელება დაიწყო. ვფიქრობ, ამას მოვახერხებთ დღის განმავლობაში“, – განაცხადა სუბარმა.
ცნობისთვის, 10 აგვისტოს კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მუნიციპალიტეტის 17 სოფელში, საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა,ასევე იზღუდება შიდა გადაადგილება. მუშაობის უფლება აქვს საბანკო მომსახურე ცენტრებს, აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებს.