სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დაარბიეს და გაძარცვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დაარბიეს.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ტაძრიდან და სამლოცველოდან წაღებულია 100 ლარის ოდენობის თანხა და დაზიანებულია რამდენიმე ხატი.
ტაძრის სტიქაროსნის, უჩა ქემაშვილის ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
” საკურთხევლის ფანჯარაა ჩამსხვრეული, სავარაუდოდ, იქიდან შევიდნენ ტაძარში, რამდენიმე ხატია ჩამოვარდნილი და დაზიანებული. ეკლესიიდან წაღებულია 10 -20 ლარი, დიდი ეკლესიიდან 50 ლარამდე თანხა. ალბათ ეგონათ, რომ ეკლესიაში დიდი თანხა იყო”- განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” უჩა ქემაშვილმა.
უჩა ქემაშვილის ინფორმაციით, მომხდარს სამართალდამცველები ადგილზე სწავლობენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.