სვანეთის კლასტერიდან ერთ-ერთი ინფიცირებული მედიკოსია
მესტიაში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებული მესტიელი მედიკოსია, რომელიც ადგილობრივ კლინიკაში მუშაობს.
მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული შუახნის ქალი სავარაუდოდ პაციენტისგან დაინფიცირდა, რომელიც სავარაუდოდ ახალი კლასტერის წყარო გახდა. ინფიცირებული მედიკოსი თბილისში გადაიყვანეს.
რაც შეეხება მესტიის საავადმყოფოს მედპერსონალს, მათ პირველადი ტესტებით “კოვიდ19”- არ დაუდასტურდათ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან 28 დღის განმავლობაში მესტია ჩაიკეტა, სადაც მკაცრი საკარანტინე წესები ამოქმედდა.
დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მხოლოდ იმუშავებს აფთიაქები, ბანკები და სასურსათო მაღაზიები.