“ჩამოშორდი პოლიტიკას, თორე წაგართმევთ ახლობელ ადამიანს“- ვინ ემუქრება მკოიანს

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოქმედ დეპუტატს ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებიან. ამის შესახებ ენზელ მკოიანის ადვოკატმა, ტარიელ მურმანაშვილმა განაცხადა.
“ბატონმა ენზელმა მთხოვა, რომ მისი სახელით გამეკეთებინა განცხადება და ის ინფორმაცია, რაც მან მომაწოდა გადმოგცეთ თქვენც. საქმე შეეხება ენზელ მკოიანის მიმართ განხორციელებული მუქარის, შანტაჟისა და გამოძალვის ფაქტებს. განხორციელებული იყო სატელეფონო მუქარა. პირველი ფაქტი იყო 2020 წლის 20 ივლისს, საღამოს საათებში, დაახლოებით 6 საათი იქნებოდა, როდესაც ბატონ ენზელ მკოიანს დაურეკეს თავისივე ტელეფონში. ზარი მესენჯერის საშუალებით განხორციელდა. იქედან მოსაუბრე რუსულ ენაზე საუბრობდა, თუმცა კავკასიური აქცენტით. მას პირადად განუცხადა, რომ ჩამოცილებოდა საერთოდ პოლიტიკას, ყოფილიყო თავისთვის წყნარად, არსად არ განძრეულიყო, არავისთან კავშირი არ ჰქონოდა, თორემ მას წაართმევდნენ მისთვის ახლობელ ადამიანს. პირდაპირ სიტყვა-სიტყვით გაუმეორეს, რომ წაართმევდნენ მისთვის ახლობელ ადამიანს. რამდენიმე დღის შემდეგ, 4 დღის შემდეგ საღამოს საათებში დაუკავშირდნენ ვათსაფში. პიროვნება ისევ რუსულ ენაზე საუბრობდა. შემოსული ზარის ინდექსი ენზელს მიაჩნია, რომ მოსკოვისაა. იწყებოდა +7-ით. ისევ კავკასიური აქცენტით ესაუბრებოდა, ამ შემთხვევაში უკვე ფულის გამოძალვაზე გადავიდნენ“,- აცხადებს დეპუტატის ადვოკატი.
ტარიელ მურმანაშვილის ინფორმაციით, ენზელ მკოიანის მუქარის შემცველი ტექსტებით ორჯერ პირველად მესენჯერში, მეორედ კი ვათსაფში დაურეკეს.
„მიმართვა ასეთი იყო „ ეი ოლიგარქ,როგორ ხართ?! ბიზნესში რომ ხარ, რატომ არ იხდი ფულს, უნდა გადაგვიხადო 5 მილიონი დოლარი“. მკოიანმა ჰკითხა, თქვენ ვინ ხართ, ან რომ არ გადაგიხადოთ, რას იზამთო. იქიდან წამოვიდა მუქარა, ორი პიროვნება ესაუბრებოდა. ერთი ეუბნებოდა, 15 წელი ციხეში ვიჯექი, ახალი გამოსული ვარ და თუ ჩვენს მიერ მოწოდებულ ანგარიშის ნომრებზე მითითებულ ქვეყნებში შენ არ ჩარიცხავ 5 მილიონ დოლარს, ჩვენ მოგკლავთ და კიდევ 20 წლით წავალთ ციხეშიო…ვიცით სად და როგორ დადიხართო, ისიც ვიცით რას საქმიანობ და როგორ მოძრაობო, ვიცით საიდან ჩამოხვედი და სად მიდიხარ, ამიტომ თუ არ გადაიხდი ამ ფულს, აუცილებლად მოგკლავთო … რა თქმა უნდა ამას შეპასუხება მოჰყვა და გაითიშა. როგორც ენზელი ამბობს კრიმინალური მენტალიტეტისთვის დამახასიათებელი ენით. ამან გამოიწვია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შეშფოთება და შეშინებაც“,- განაცხადა ადვოკატმა.
მოქმედი დეპუტატის ადვოკატმა 26 მარტს ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების შესახებაც ისაუბრა.
„ყველამ ვიცით, რამდენიმე თვის წინათ მის მიმართ, დღის საათებში განხორციელდა თავდასხმა მისი მოკვლის მიზნით. რამდენჯერმე ესროლეს, თუმცა პოლიციის ჩარევის საშუალებით ის გადარჩა. მან თვალებში ჩახედა თავის სიკვდილს. ამას მოჰყვა ის, რომ თვეების განმავლობაში ოპიზიციურად განწყობილი პარტიები მას ადანაშაულებენ, რომ ის იყო დამნაშავე და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოქმედებდა. მისი ოჯახი დასტრესილია.მეუღლე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სვამს წამლებს. მივმართეთ გენერალურ პროკურატურას განცხადებით. თუმცა, ჩვენი განცხადება რეგიონალურ განყოფილებაში აღმოჩნდა სამცხე-ჯავახეთში“.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მასალები, რომელშიც ჩანს, როგორ მისდევს გადატენილი იარაღით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეს. მასთან ერთად არიან სხვა შეიარაღებული პირებიც.
ცნობისთის, ენზელ მკოიანი 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. იგი ორჯერ საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, ორჯერ საკანონდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა, 2016 წლიდან კი „ქართული ოცნებას“ წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები