ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ, რაც გვჭირდება ეს არის მშვიდობა, ცოდნა, შრომა და გამდიდრება

მმართველმა გუნდმა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ” დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთიდან დაიწყო. თელავში “ოცნების” ლიდერებმა ადგილობრივებს თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინეს.
ირაკლი ქადაგიშვილმა, რომელიც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს იკავებდა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისთვის ამ არჩევნებში მანდატისთვის ბრძოლა არის გამოწვევა, რათა დაასრულოს ის საქმეები, რაც გუბერნატორის პოზიციაზე ყოფნისას დაიწყო და ასევე, მისი თქმით, კახეთის მხარეში რჩება ის გამოწვევები, რასაც მოსახლეობის მხარდაჭერით აუცილებლად გაუმკლავდება,

“დიდი მადლობა ყველას, რომ ამ კახურ თაკარა მზეზე, რომელიც ყურძნის დამწიფებას უწყობს ხელს, შევიკრიბეთ. მე ოთხი წლის წინ, როდესაც მქონდა შემოთავაზება თბილისში გამეგრძელებინა ჩემი პოლიტიკური საქმიანობა თუ წამოვსულიყავი კახეთში, მე უყოყმანოდ ავირჩიე აქ წამოსვლა იმიტომ, რომ ეს ჩემთვის იყო გარკვეული გაწვევა, ჩემი მშობლიური მხარისათვის მემსახურა, გამეკეთებინა ის, რაც ჩემს მაქსიმუმ შესაძლებლობაში შედიოდა. დღეს ბედნიერი ვარ, რომ ოთხი წელი თქვენთან ერთად გატარებული იყო და არის ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წლები. ბევრი გამოწვევა გვაქვს ჩვენ, ბევრ გამოწვევასთან დაკავშირებით ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაგრამ როგორც იტყვიან, საქმე გასაკეთებელი და საზრუნავი საკმაოდ ბევრი დამრჩა. ამიტომ, როდესაც ჩემი კანდიდატურა, დადგა მე მხოლოდ და მხოლოდ ამას განვიხილავ, როგორც უკვე ერთად გაკეთებული და განვლილი გზის გაგრძელებას. გზისა, რომელიც ემსახურება იმას და მოემსახურება იმას, რომ თვითმმართველობა იყოს უფრო ძლიერი, უფრო აღჭურვილი იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მას მისცემს საშუალებას რომ უფრო ეფექტურად, უფრო სწრაფად, უფრო კონკრეტულად მოემსახუროს თავის მოქალაქეებს და მათ ინტერესებს. რეგიონალური მმართველობა იყოს ისეთი ძლიერი, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო მეტი ინვესტიცია, უფრო მეტი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის საჭირო პროექტები განახორციელოს რეგიონში. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ყველა ის სიკეთე, რომელიც აქამდე მოტანილია, კიდევ უფრო გამრავლდეს, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ხელშემხები გახდეს თითოეული ჩვენი თანამოქალაქისათვის. ჩვენ, რაც გვჭირდება ეს არის მშვიდობა, ცოდნა, შრომა და გამდიდრება. გამდიდრება საქართველოსი. ყველანაირად სულიერად, ფიზიკურად მატერიალურად. მხოლოდ მდიდარ, მხოლოდ განათლებულ, მხოლოდ თავის თავში დარწმუნებულ, მხოლოდ ღირსების მატარებელ ქვეყანას შეუძლია, რომ იამაყოს თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავალით. მხოლოდ ესეთი ქვეყანა აერთიანებს თავის მომავალს მთლიან საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ეს სასახლე, ის მეფე, რომელიც აქ იყო მაგალითი მთელი საქართველოსთვის, თავმდაბლობისა, მსახურებისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა სამშობლოს წინაშე, რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს. ჩვენ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ერთად უნდა ვიყოთ საქართველოს წარმატებისათვის. დიდი მადლობა იმ ნდობისათვის, რომელიც თქვენ ყველამ დღეს მე აქ მობრძანებით გამომიცხადეთ“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები