ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წლის ოქტომბერი კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში
“ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, ის არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას” – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იქნება.
“2020 წლის ოქტომბერი კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა ჩვენი ხალხისთვის უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა, თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია. ღირსება დაუბრუნა ქართველ ხალხს.ნათქვამია, თუ ძალას არ აბალანსებს ღირსება,ასეთი ხელისუფალი მმართველობიდან უნდა წავიდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკარატიული საქართველო” დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთიდან დაიწყო.