კახა კალაძე: ჩვენ ერთად შევძელით გლეხის შრომისთვის ფასი დაგვებრუნებინა
კახეთი ყოველთვის იყო და დღესაც არის, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, – ამის შესახებ კახა კალაძემ თელავში, ერეკლეს სასახლის შიდა ეზოში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.
კალაძის თქმით, გამოწვევები, რომელიც დღეს კახეთში არსებობს, ახალ მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ხელისუფლების თანადგომითა და დახმარებით უახლოეს მომავალში იქნება დაძლეული.
„კახეთი ყოველთვის იყო და დღესაც არის, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ლაღი, მშრომელი ადამიანებით დასახლებულ ამ სტუმართმოყვარე მხარეს, ყოველთვის გადამწყვეტი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ომიანობის ჟამს კახეთი ფარივით იცავდა საქართველოს აღმოსავლელი დამპყრობლებისაგან მშვიდობიანობის ჟამს პურს, ღვინოსა და ლხინს არ აკლებდა ქვეყანას. ყველაზე საოცარი და მაგარი, ის არის, რომ ამის სურვილს და მზაობას დღემდე ვკითხულობთ, თითოეული კახელი კაცის თვალებში. კახელი კაცი ძლიერ ფესვზე დგას, ფესვზე, რომელიც კიდევ ბევრ ეპოქას გამოიცვლის, მაგრამ თავის ბუნებას არასდროს, რადგან ეს არის ის რითიც აქამდე მოსულა. ეს არის ის რაც აწურინებს კახელს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს და ეს არის ის, რითაც მთელი საქართველო ვამაყობთ. ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც უსამართლობამ, ხალხის აბუჩად აგდებამ და დამცირებამ ყველა წყობიდან გამოიყვანა. როდესაც ხელისუფლებას რთველი კი არ ახარებდა, აშინებდა და როდესაც კახელს, ვაზის გაჩეხვისკენ მოუწოდებდა. მაშინ ყველა მივხვდით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ჩვენ ერთად შევძელით გლეხის შრომისთვის ფასი დაგვებრუნებინა. ერთად ბევრი რამ უკეთესობისკენ შევცვალეთ და ამის დასტურია, ახალი ქარხნები და ჰექტრობით გაშენებული ვენახები.რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად და კარგად არ არის, ამის ილუზია არავის არ აქვს. არის გამოწვევები და ეს ყველაფერი ერთად უნდა გადავლახოთ. დამერწმუნეთ, ამ გამოწვევებს თქვენს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად სახელისუფლებო გუნდის მხარდაჭერითა და თანადგომით ჩვენ ძალიან მალე დავძლევთ“,- განაცხადა კალაძემ.