“რა პირით ჩამოდის ზუგდიდში და ვინ მისცემს ხმას?” – რას ფიქრობენ ზუგდიდში გიგი უგულავას მაჟორიტარობის კანდიდატობაზე
2020-ის მაჟორიტარულ არჩევნებში პარლამენტის მანდატის მოსაპოვებლად „ევროპული საქართველოდან“ ზუგდიდში გიგი უგულავა იბრძოლებს. ეს ის გიგი უგულავაა, რომელიც 2004-დან 2005 წლამდე სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. თუ რითი დაამახსოვრა ყოფილმა გუბერნატორმა და ახლა უკვე მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდელებს თავი, ამის გარკვევა „რეგიონულმა კვირამ“ გადაწყვიტა.
როგორც აღმოჩნდა, ზუგდიდელებს კარგად ახსოვთ, თუ რა გააკეთა პირველი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ახალმა გუბერნატორმა. საქმე ეხება 2004-2005 წლებში ზუგდიდის ბაზარში, მარცხენა სანაპირო ზოლზე მდებარე დაახლოებით, 30-მდე კერძო მაღაზიის დანგრევას, რომელსაც თავად გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა.
„რეგიონული კვირის“ ინფორმაციით, სხვადასხვა მიზეზის გამო, დაზარალებულთა ნაწილი დუმს. ნაწილი კი უბრალოდ გააჩუმეს.
მართალია, ამ ამბის შემდეგ 15 წელი გავიდა, თუმცა ზუგდიდელებს ძველი წყენა გიგი უგულავას მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებამ განუახლა. ერთ-ერთი დაზარალებული “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, რომ იმის გამო, რაც უგულავამ მოვაჭრეებს გაუკეთა, მას მორალური უფლება არ აქვს ზუგდიდში ჩავიდეს და ამომრჩევლების ხმები ითხოვოს.
„2004 წელს მობრძანდა უგულავა ბატონი, დაანგრია ყველაფერი და დაიკარგა. ყველამ ყველაფერი დავკარგეთ, მაღაზიები აქ, რაც იყო. ჯიხურები ყველა დაიკარგა აბსოლუტურად. გიგი უგულავა საერთოდ რა პირით ჩამოდის ზუგდიდში და ვინ მისცემს ხმას? კრიმინალია მაგი, კრიმინალი“,- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ქალბატონი.
ამ საქმეში საინტერესო გარემოებაა ისიც, რომ კადრები, რომელიც მაღაზიების დარბევის ფაქტს ასახავს, ინტერნეტ სივრციდან გამქრალია და არც ერთი მასალა ამ ამბის შესახებ აღარ იძებნება.
სიუჟეტის მომზადების განმავლობაში „რეგიონული კვირის“ გადამღები ჯგუფისთვის ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მაჟორიტარმა კანდიდატმა “ევროპული საქართველოდან” გიგი უგულავამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად ზუგდიდიდან დაიწყო, ცხადია ჩვენ მას ვკითხეთ, თუ რას უპასუხებდა იმ ადამიანებს, რომლებსაც მისი “მოღვაწეობა” გუბერნატორის თანამდებობაზე დღემდე კარგად ახსოვთ.
როგორც აღმოჩნდა, მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდელებს, შეიძლება ითქვას, რომ “გაფუჭებული საქმეებისთვის” ბოდიშს უხდის.
“რა თქმა უნდა, მე ვაცნობიერებ და სხვა მეტი ტკივილები ახლავს ხოლმე განვითარებას და უფრო მეტად მტკივნეული, ვიდრე თქვენ მკითხეთ და უნდა გვახსოვდეს ჩვენ, ვისაც პოლიტიკაში ვართ დღეს საქართველოში, რომ გაკეთებული საქმეებისთვის არასდროს არ მოვითხოვოთ მადლობა და გაფუჭებული საქმეებისთვის ყოველთვის მოვიხადოთ ბოდიში”,- აღნიშნა გიგი უგულავამ.
მოულბობს თუ არა გიგი უგულავას ბოდიში გულს, მისი რეგიონის პირველ პირად ყოფნის პერიოდში “გაფუჭებული საქმეებისთვის” ზუგდიდელებს ამას ოქტომბერში გავიგებთ, მანამდე კი, “ევროპული საქართველოს” კანდიდატი საარჩევნო კამპანიას ჩაატარებს და ეცდება ადგილობრივებს გაკეთებული საქმეები და სამომავლო გეგმები გააცნოს.