“გმირების სახელების არდავიწყება, აი ეს არის ჩვენთვის ნუგეში” – სამეგრელოში აგვისტოს ომს იხსენებენ

ქვეყანა აგვისტოში ყველაზე მძიმე ხუთ დღეს იხსენებს. ეს ომი 12 წლის წინ 5 დღეში დასრულდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, სულ 38 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის სენაკის ბაზის დაბომბვას, ხობელი სტუდენტი-რეზერვისტები ემსხვერპლნენ.
ოკუპანტების მიერ დაბომბვისას სენაკის ბაზაზე რეზერვისტებთან ერთად 21 წლის ხობელი გოგა ჭითანავა იმყოფებოდა. ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის დედა ნანა ჭითანავა, „რეგიონულ კვირასთან“ შვილთან ბოლო შეხვედრას იხსენებს.
„გამოიძახეს რეზერვში, სწავლა ახალი დამთავრებული ჰქონდა. 8 აგვისტოს დილით, ტანსაცმლის ჩალაგებაში, ჩვენც ვეხმარებოდით. ისე უხაროდა წასვლა, სულ სიცილ-სიცილით გავაცილეთ. ჩვენ გვინდოდა წაგვეყვანა ჩვენი მანქანით, მაგრამ მიკროავტობუსმა ჩამოიარა, რომელსაც ასევე სხვა სოფლებიდან მიჰყავდა თურმე რეზერვისტები. ისე წავიდა არც შემოგვხედა და არც დაგვემშვიდობა. კი გაგვიკვირდა ყველას, ახლა ვფიქრობ, რომ მას ალბათ ჩვენი სევდიანი თვალების დანახვა არ უნდოდა. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა და 9 აგვისტოს უკვე სენაკის დაბომბვისას დაიღუპა“,- იხსენებს ნანა ჭითანავა.

სენაკის სამხედრო ბაზის დაბობმვას შეეწირა ასევე, ხობელი მიხეილ იოსავა, ხობის ერთ-ერთი ქუჩა, სადაც მან მთელი მისი ბავშვობა გაატარა, დღეს მისი სახელობისაა.
ყველაზე მეტი, 9 ახალგაზრდა დაკარგა ხობის მუნიციპალიტეტმა სამეგრელოს რეგიონიდან. ხობის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია, ომში დაღუპული გმირების სახელის უკვდავსაყოფად, წლის განმავლობაში არაერთ ტურნირს ატარებს, ხოლო დაღუპული გმირების ოჯახებს ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, ფინანსურ დახმარებასაც უწევს.
საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელ ხურჩის მკვიდრ ოთარ ნაჭყებიას, კარგად ახსოვს აგვისტოს მოვლენების დროს რუსების მასობრივი შემოსვლა ხურჩის გავლით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტოროაზე. საოკუპაციო ხაზზე, ცხელ წერტილში მცხოვრების თქმით, აგვისტოს მოვლენებმა, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ნათესავებს და მეგობრებს კიდევ უფრო მეტად დააშორა.
სოფელი თითქმის გაიხიზნა. დავრჩი მოხუც დედ-მამასთან იმ ავბედით დღეს, გახსენებაც მძიმეა და მიჭირს. რუსებმა დაგვაშორა საყვარელ ხალხს, მეგობრებს და ნათესავებს ოკუპირებულ აფხაზეთში. ამაზე დიდი რა უნდა დაეშავებინა მათ?!“,- ამბობს ოთარ ნაჭყებია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტს, ნატალია ბერულავას 18 აგვისტოს გახსენება, დღემდე ემოციების გარეშე უჭირს. ეს ის დღეა, როცა ნატალიამ და მისმა ოპერატორმა განმუხურის გადამწვარი ბანაკი გადაიღეს.
„ჩემთვის, ძალიან მძიმეა აგვისტოს იმ დღეების გახსენება. ჟურნალისტებს, რომლებსაც მე დღეს თანამებრძოლებს ვუწოდებ, მათთან ერთად გვიხდებოდა საკმაოდ რთულ პირობებში მუშაობა. არ იყო ინტერნეტი, მასალას ვერ ვაგზავნიდით, რადგან გორის ანძა დაბომბილი იყო და თანამშრომლები დაღუპულები. მართალია ზუგდიდში არ მომხდარა სისხლიანი დაპირისპირება, მაგრამ სიცოცხლის ფასად გვიწევდა თითოეული კადრის გადაღება. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ცეცხლმოკიდებული განმუხურის ბანაკის ყურება, რომლის ჩაქრობას ადგილობრიები ამოად ცდილობდნენ“,- იხსენებს ნატალია ბერულავა.

2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა: 224 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 ჯარისკაცი,
შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, დაიჭრა 1747 ადამიანი, 150 000 პირი იძულებით გადაადგილებული გახდა, 30 000 ადამიანი დღემდე დევნილობაში ცხოვრობს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები