ხობში გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ჭითანავას სახელობის მინი-სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავასა და ჯარისკაცის ლევან ტურავას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ქ. ხობის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში პირველი მაისის გუნდი, ანგარიშით 4:2 დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილზე ხეთის გუნდი გავიდა. ფინალურ მატჩს, გოგა ჭითანავას და ლევან ტურავას ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ასევე სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულებ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ. სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.