გორში რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

გორში, რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა.
7 აგვისტოს, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ტრადიციულად შეიკრიბნენ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე სკვერში. მათ პატივი მივაგეთ გარდაცვლილთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს აგვისტოს მძიმე დღეები. მემორიალთან სიმბოლურად მოეწყო სანთლების აქცია.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს გორში არსებული რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალები, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი, გმირების მემორიალი და ომში გარდაცვლილ სამხედრო და საერო პირთა მემორიალი.
„რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. ომის სიმძიმე ყველაზე მეტად გორის მუნიციპალიტეტმა გადაიტანა. რამდენიმე დღიანმა ომმა 400 – ზე მეტი ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის, ნახევარზე მეტი სამოქალაქო პირი იყო. ჩვენი ვალია ყოველთვის გვახსოვდეს ყველა დაღუპული და გავაგრძელოთ შრომა იმ მიზნის ბოლომდე მისაღწევად, რომელსაც მათ ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხელე შეწირეს.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დღესაც ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩვენი სამშობლო მშვიდობიანი გზით შეძლებს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას”,- განაცხადა  გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ ასევე 2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გადაიხადა.
გორის მერმა მოინახულა აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ქალბატონი სოფია მურადოვა. მას 2008 წლის 8 აგვისტოს, ჭურვის ნამსხვრევებმა ორივე კიდური დაუზიანა, რის გამოც დღემდე დამოუკიდებლად ვერ გადადგილდება. სოფია მურადოვს დახმარების სახით ჰიგიენური საშუალებები და სურსათი გადაეცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები