ხობში აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

ხობის მუნიციპალიტეტში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. „8 აგვისტო, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. უთანასწორო ბრძოლას ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები შეეწირნენ. ეს, დღე განსაკუთრებით მძიმეა ჩვენთვის, ხობელებისთვის, რადგან აგვისტოს ომმა ცხრა რჩეული ხობელი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ქედს ვიხრი სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებული ხობელი გმირების წინაშე“ – სიტყვით მიმართვისას აღნიშნა მერმა.
მემორიალთან გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სახელთა უკვდასაყოფად ფოტო გამოფენა და ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „აგვისტოს გმირები“ გაიმართა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში, მღვდელმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები