„ასეთი ბიჭების დაფასებით ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ და ღირსებასაც“- ცაგერში აგვისტოს ომის გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში ომის გმირის ზურაბ ეფაძის, რომელიც 8 აგვისტოს საავიაციო აფეთქებისას ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა,  საფლავი გვირგვინებით შეამკეს.
ეროვნული გმირის საფლავზე ოჯახის წევრები, თანასოფლელები, მეგობრები, მშობლიური სკოლის პედაგოგები რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, მოადგილე მიხეილ მეშველიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა ერთად მივიდნენ და ზურას საფლავი გვირგვინებით შეამკეს.
2008 წლის ომის გმირის მამა ავთანდილ ეფაძე „რეგიონულ კვირასთან“ შვილის ბავშვობას და იმ დღეს იხსენებს, შვებულებაში სახლში ჩამოსულს სამშობლოს დასაცავად მალევე, რომ დაუძახეს.
„ ზურა ბავშვობიდანვე თოფით ხელში ომობანას თამაშობდა და ხან ოფიცრობა, ხანაც პოლიციელობა უნდოდა. როგორც კი წამოიზარდა და ჯარში გაიწვიეს, მალევე ერაყში წასვლა მოინდომა, მაშინ რატომღაც არ წაიყვანეს და წყენისგან იტირა კიდეც. მერე მაინც მიაღწია და წავიდა“,- იხსენებს გმირის მამა.

ზურა ერაყიდან 2008 წლის თებერვალში დაბრუნდა, 6 თვის შემდეგ სამშობლოს სადარაჯოზე მდგომი მტრის ტყვიას ემსხვერპლა. მამა ამბობს, რომ ზურა 10 აგვისტომდე კუთვნილ სამხედრო შვებულებაში იმყოფებოდა, 5 აგვისტოს სოფლის სალოცავზე ავიდა, სანთლები აანთო და დაბრუნებულმა ოჯახში გამოაცხადა, რომ შვებულებას წყვეტდა და მიდიოდა.
„7 აგვისტოს წავიდა, რვაში კი შვილი ჩამომისვენეს. ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა. ძნელია, მაგრამ შვებას გმირის მამობა მაძლევს. მე ის მშობლები უფრო მეცოდება, რომლებმაც დაღუპული შვილების ცხედრებიც კი ვერ იპოვეს, მე საფლავზე მაინც ვიზრუნე, ჩემი მეუღლე, ზურას დედა, მისი გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა, შვილის დარდს გადაჰყვა“,- ამბობს ავთო ეფაძე.

გმირის საფლავზე მისულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ კიდევ ერთხელ მიაგო პატივი გარდაცვლილი გმირის ხსოვნას და აღნიშნა, რომ ზურაბ ეფაძე სამშობლოს დასაცავად პირველივე დღეს წავიდა და მისი გმირული გარდაცვალებით გმირებს შორის სამარადისო ადგილი დაიმკვიდრა.
„მე კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს, შვება მართლაც ისაა, რომ გმირი შვილის მამა ხარ. ასეთი ბიჭების დაფასებით ჩვენ ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ და ღირსებასაც, მე მჯერა ისევ ამ ბიჭების დიდებითა და პატივით მოხდება საქართველოს გამთლიანება, ასეთ ღირსეულ სიკვდილს ალბათ ყველა ქართველი ინატრებდა“,-განაცხადა ზურაბ ეფაძის საფლავზე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა გოჩა ენუქიძემ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ გარდაცვლილი გმირის ოჯახის წევრებს თანადგომა გამოუცხადა.
“როგორც თქვენ ამაყობთ თქვენი შვილით, ისე ვამაყობთ ჩვეცნ, როგორც თქვენ წუხხართ, ისევე ვწუხვართ ჩვენც”, აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები