ზვიად შალამბერიძე: რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს იმის დასაბრუნებლად, რაც ჩვენია

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავს ეხმაურება.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სწორი, თანმიმდევრული და მშვიდობიანი ნაბიჯებით გახდება შესაძლებელი ერთხელ და საბოლოოდ დასრულდეს ომი, რომელსაც რუსეთი საუკუნეებია, საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს.

“12 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან და რუსეთის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების ოკუპაციიდან. ყოველ წელს მტკივნეულად ვიმეორებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია, ოკუპანტის მიერ კვლავ უხეშად ირღვევა ჩვენს მიერ დროებით არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებები და ათასობით ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს საშუალება, საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდეს, ისევ იტაცებენ ჩვენს თანამემამულეებს მათსავე მიწიდან და ერთი რამ ყველამ ვიცით, ყველა ვთანხმდებით, რომ ომი აღარ უნდა განმეორდეს, მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა მოხერხდეს ყველაფრის მოგვარება და ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორედ ამას ემსახურება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვაფასებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს იმის დასაბრუნებად, რაც ჩვენია და რისთვისაც ბევრი სისხლი დაიღვარა.

რუსეთ-საქართველოს ომს ასობით მშვიდობიანი მოსახლის და ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი დევნილად იქცა მისსავე სამშობლოში და ისინი აუცილებლად ღირსეულად უნდა დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, დაღუპულების ხსოვნა კი ყოველთვის ჩვენთან იქნება.

სწორი, თანმიმდევრული და მშვიდობიანი ნაბიჯებით გახდება შესაძლებელი დავიბრუნოთ ტერიტორიები, განვავითაროთ და წინ წავიყვანოთ ქვეყანა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად და ერთხელ და საბოლოოდ, ოღონდ უსისხლოდ, დასრულდეს ომი, რომელსაც რუსეთი საუკუნეებია ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს”, – წერს ზვიად შალამბერიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები