ალექსანდრე მოწერელია: არასდროს შევეგუებით ოკუპაციას
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ, წალენჯიხასა და აბაშაში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გმირი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინით შეამკო.
“დღეს პატივი მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს და ასეთი, სამწუხაროდ ქვეყანაში ძალიან ბევრია. პირველ რიგში აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა, ძალიან მძიმე შედეგები დაუტოვა ჩვენს ქვეყანას, ეს არის მსხვერპლი ეს არის, იძულებით გადაადგილებულთა დიდი ნაკადი, ეს არის ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და ისევ მიმდინარეობს მისი ანექსია. ასევე, მიმდინარეობს ქართული ტოპონიმების უცხო ტოპონიმებით ჩანაცვლება. ეს არის ის მძიმე შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ის მავთულხლართები, რომელსაც ავლებენ ჩვენს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ისტორიაში ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს მოქნილი და ფრთხილი პოლიტიკის წარმოებისა, თუმცა ეს იქნა იგნორირებული და მივიღეთ სწორედ ის მძიმე შედეგები, რაც არის დღეს”,- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
მოწერელიან განმარტებით, ხელისუფლება მიყვება პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანას აუცილებლად მოუტანს სასურველ შედეგებს.
“პირველ რიგში, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ეკონომიკა და არასოდეს არ შევეგუებით ოკუპაციას, არც ანექსიას. ჩვენი პოლიტიკის შედეგად აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს, საქართველოს სრულ გაერთიანებას და დავიმკვიდრებთ ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში”,- განმარტა ალექსანდრე მოწერელიამ.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს მოვლენებს, სულ 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან სამოქალაქო პირებიც.