” ჩემთვის ბათუმი და შავი ზღვა სიხარულია”- ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს

 

პოპულარული ქართველი მომღერალი – ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს. მომღერლის ახალი სიმღერებისთვის ვიდეოგადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფის, ციხისძირის სანაპირო ზოლსა და სოფელ მერისში ხუთი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის ბუნების მრავალფეროვნებას, მთისა და ზღვის ერთობლიობას მსოფლიო მასშტაბით მომღერლის მილიონობით თაყვანისმცემელი ახალი ვიდეორგოლით გაეცნობა. გადაღებებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

,,მოხარულები ვართ, რომ ქეთი მელუამ თავისი გადაღებებისთვის შეარჩია აჭარა, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ულამაზესი და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებით. თუკი აქამდე ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა საერთაშორისო მედიაპლატფორმებით ხორციელდებოდა, ახლა საერთაშორისო ვარსკვლავის ვიდეორგოლების წყალობით მილიონობით ადამიანს გააცნობს ჩვენს ქვეყანას“,– აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.

ვიდეორგოლის რეჟისორი მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძეა. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელი დიზაინერი – თაკო მექვაბიძე ზრუნავს, რომელმაც თითოეული სამოსი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა. ვიდეოგადაღებები რეგიონში დღეს სრულდება.

„ჩემთვის აჭარაში ვიდეოგადაღება პირველია. ყველა ზაფხული ბათუმში მაქვს გატარებული. ჩემთვის ბათუმი და შავი ზღვა არის სიხარული,“ – ამბობს ქეთი მელუა.

მელუა იმედს გამოთქვამს, რომ ვიდეორგოლები ძალიან ლამაზი და პოზიტიური გამოვა. მომღერლის აჭარაში გადაღებულ ვიდეორგოლებს, რომელიც მერვე ალბომის ორი სიმღერისთვის იქმნება, მაყურებელი ეკრანზე შემოდგომაზე იხილავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები