თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 1 400 000 ლარი გამოიყო
თელავში 16 ივლისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი გამოიყო. მუნიციპალიტეტის პირველი მოადგილის, დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, სრულად გადაიხურა 93 სახლი და სახურავის ამოცვლის სამუშაოები 44 სახლზე მიმდინარეობს.
„სტიქიიდან მესამე დღეს, მთავრობის განკარგულებით, გამოიყო 1 400 000 ლარი, რამაც მოგვცა საშუალება, რომ დაუყოვნებლივ დაგვეწყო სამუშაოები. დღეის მდგომარეობით გადახურულია და ახალი სახურავის ქვეშ მოქცეულია 93 სახლი და 44 სახლზე პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები“,- განაცხადა დავით ბეგიაშვილმა.
ბეგიაშვილის თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ის პროექტებია შეძენილი, რის საფუძველზეც დაზიანებული სახურავების გადახურვა მოხდა.
„ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოვყავით საპროექტო სამუშაოების თანხა, რითაც შევიძინეთ პროექტები სახურავების გადახურვისთვის“,- აღნიშნა ბეგიაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 9 კომპანიის 200 თანამშრომელი ახორციელებს.