ალექსანდრე დავითაძე: ოპოზიცია ცდილობს ყველა კეთილი საქმე მოსყიდვად შეფუთოს
აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ახალგაზრდობის სფეროს კურატორი – ალექსანდრე დავითაძე ოპოზიციის ბრალდებას გამოეხმაურა. ბრიფინგზე ოპოზიციამ ცენტრს ბრალი მოხალისეობრივი საქმიანობის გზით ახალგაზრდების მოსყიდვაში დასდო.
,,ოპოზიცია ყველა ძალას იყენებს და მაქსიმალურად ცდილობს დააკნინოს ყველა კეთილი და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული საქმიანობა და მოსყიდვად შეფუთოს.
თუმცა ჩნდება კითხვა – სად იყო ეს ოპოზიცია, მაშინ როდესაც 400 ახალგაზრდა პანდემიის პროცესში იბრძოდა წინა ფლანგზე და სასურსათე კალათებს გადასცემდა ჩვენს მოსახლეობას. არავის მოუკითხავს მოხალისეები, რომლებიც საკუთარი ხარჯებით ახორციელებდნენ ამ საქმიანობას.
ახალგაზრდა მოხალისეს ამ პროექტს, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად ახორციელებს, თუმცა არავის უხსენებია მათი თანამონაწილეობა. ახლა კი ჯიბეში უძვრებიან 9,70 ლარზე ახალგაზრდებს, რომელიც რეალურად ლოჯისტიკური და კვების ხარჯების უზრუნველსაყოფად არის გამოყოფილი.
უნდა გავმიჯნოთ, რომ ეს არ არის დასაქმების პროგრამა, ეს არის მოხალისეობრივი პროგრამა, რომელიც გულისხმობს, კონკრეტული ინსენტივების საფუძველზე ახალგაზრდა მოხალისეების ჩართულობას პანდემიასთან ბრძოლის პროცესში”- განაცხადა ალექსანდრე დავითაძემ.
მოხალისეები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავაჭრო ცენტრებში, პარკებსა და სხვადასხვა ლოკაციებზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აწვდიან მოსახლეობას.
მეტი გამჭვირვალობისა და ღიაობისთის, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ფეისბუქ გვერდზე განთავსებულია მოხალისეთა სარეგისტრაციო ფორმა, სადაც დარეგისტრირება შეუძლია აჭარის რეგიონში მცხოვრებ ყველა 18 დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდას. ხოლო რაც შეეხება ბიუჯეტს, მოხალისეობრივი საქმიანობის კომპონენტის პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 121, 500 ლარს. წითელი ჯვარის კონტრიბუცია არის 33 000 ლარამდე. ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები დაიხარჯება მოხალისეების ეკიპირებაზე, საჩრდილობლებისა და სხვადასხვა ლოკაციებზე საინფორმაციო ცენტრების განთავსებაზე. პროექტში სულ ჩართული იქნება 180 ახალგაზრდა მოხალისე.
შეგახსენებთ, რომ ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს ცენტს ბრალი დასდო ახალგაზრდების მოსყიდვაში და ამომრჩევლის დაშინებით არჩევნების ჩატარებაში.