ნათია თურნავა: „ფრონტერას“ მიერ გათავისუფლებულ, უხელფასოდ დარჩენილ 84 თანამშრომელს, ერთჯერადად, 1 200 ლარის ოდენობის თანხით დავეხმარებით
„მივიღეთ გადაწყვეტილება, დავეხმაროთ კომპანია „ფრონტერას“ მიერ გათავისუფლებულ 84 ადამიანს, რომლის მიმართ, დღეის მდგომარეობით, კომპანიას დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხება და ერთჯერადი დახმარების სახით „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ თითოეულ მათგანს 1 200 ლარის ოდენობის თანხით დაეხმარება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ „ფრონტერას“ წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟი მოიგო, მთავრობამ გამოიჩინა კეთილი ნება და მიიღო გადაწყვეტილება, არ მოშალოს კომპანიასთან ხელშეკრულება და მისცეს საშუალება, რომ გააგრძელოს მოპოვებითი სამუშაოები სალიცენზიო არეალის ფარგლებში.