კომპანია, რომელიც შატილისკენ მიმავალი გზას აშენებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო დაჯარიმდა
შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის პროცესში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი, გარემოზე მიყენებული ზიანის ფაქტის გამო მშენებელი კომპანია დაჯარიმდა, -ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
“სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის შემადგენელ ერთ-ერთ მონაკვეთზე დაცული ტერიტორიების ნუსხიდან ამორიცხული ფერდის დამუშავებისას მშენებელი კომპანიის ტექნიკა სამშენებლო ობიექტამდე დაცული ტერიტორიების გავლით გადაადგილდა. ფაქტის გამოვლენისთანავე, მშენებელი კომპანია დაჯარიმდა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზედამხედველობს სამშენებლო პროცესს და რაიმე სახის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართავს კანონით გათვალისწინებული ზომებს.
შატილამდე მისასვლელი გზის პროექტით გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება უსაფრთხო. არსებული გრუნტის გზა არის ვიწრო და მასზე ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები. გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.