გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტი 2021“-ის ფარგლებში პროექტების შერჩევა დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტი 2021“ – ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო. როგორც „რეგიონულ კვირას“ გორის მერიიდან აცნობეს, პირველ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება. შეხვედრებზე მოქალაქეებს დაურიგდებათ საპროექტო ინიციატივების განაცხადის ფორმები, რომლებიც უნდა შეავსონ და მერიაში წარმოადგინონ.
მათივე ცნობით, პროგრამის მომავალი წლის ბიუჯეტი 2 980 000 ლარს შეადგენს, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ზონაზე განაწილდება.
„გასული წლებისგან განსხვავებით ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის განაწილების წესი შეიცვალა. 2020 წელს გორის ექვს ადმინისტრაციულ ერთეულს 100 ათასის ნაცვლად 130 – 130 ათასი ლარი ერგება. იმ ფაქტის გამო, რომ ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულები მოკლებულნი იყვნენ სოფლის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას, არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან.
პროგრამა, რომლის მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტში მეხუთე წელია ხორციელდება.
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2021 წელს განსახორცილებელი პროექტების შერჩევის პროცესი, ჯამში 5 ეტაპს მოიცავს. საინფორმაციო კამპანიის შემდეგი ეტაპები განაცხადებების შევსებას, მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხის გათვალისწინების მიზნით, „სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს“ მიერ ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით პრიორიტეტული პროექტების შერჩევასა და მერისთვის გაცნობას ითვალისწინებს. პროგრამის საინფორმაციო კამპანიას ატარებს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.