ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დამცავი გაბიონების მშენებლობა გრძელდება

ლაგოდეხში, მდინარე ლაგოდეხის ხევზე, სოფელ ვერხვისმინდორში – მდინარე არეშზე და სოფელ განჯალაში – მდინარე კაბლის სანაპიროზე, წყლის დამცავი გაბიონის მშენებლობა გრძელდება. სოფელ ჭაბუკიანში – ნაშოვარის  გადასავლელ არხზე, ნაპირსამაგრი გაბიონის სამუშაოები უკვე დასრულდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, უახლოეს პერიოდში სოფელ არეშფერანში მდინარე აფენის ხევის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე 235 გრძივი მეტრი ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. დამცავი გაბიონების მშენებლობა ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან  ფინანსდება და მისი ღირებულება 752 067.23 ლარს შეადგენს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, სანიაღვრე არხების მოწყობისათვის ათამდე მსხვილი პროექტი დაიგეგმა. ლაგოდეხში დამცავი სანიაღვრე არხის მშენებლობა რობაქიძის ქუჩაზე, უკვე დასრულებულია. სამუშაოები ასევე დასრულებულია სოფელ გურგენიანში, სოფელ ნინიგორში ნაწისქვილარში, გვიმრიანსა და პატარაგორის მე-2 ქუჩაზე. ამ ეტაპზე, არხების მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ კავშირსა და ვარდისუბანში. სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებისთვის 1 427 576.15 ლარი დაიხარჯება.

როგორც ლაგოდეხის მერი – ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძირითადად მთის მდინარეები ჩამოედინება, რომლებიც უხვი ნალექის დროს დიდდება.

“მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 972 გრძივი მეტრის ნაპირსამაგრი გაბიონი, 7 979 გრძივი მეტი სანიაღვრე არხის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, სამწუხაროდ, რამოდენიმე დღის წინ უხვი ნალექის შედეგად  მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი მაინც დაზარალდა. უხვი ნალექის მოსვლის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ არსებული მდგომარეობა, შესაძლებლობის ფარგლებში,  ეტაპობრივად მოვაგვაროთ”, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები