სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რიგით მეოთხე რეგიონალური შეხვედრა გორში გამართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, კახეთისა და ქვემო ქართლის შემდეგ, შიდა ქართლის რეგიონმა უმასპინძლა.

როგორც „რეგიონულ კვირას” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებების მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატის გაღრმავებაა. ღონისძიებებში სახელმწიფო ინსპექტორი – ლონდა თოლორაია პირადად მონაწილეობს.

“სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები სტუმრებს აწვდიან ინფორმაციას განხორციელებული ღონისძიებების, საქმიანობის სფეროში არსებული ტენდენციებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ. შეხვედრებზე აქტიურად განიხილება პერსონალური მონაცემების დაცვისა და საგამოძიებო მიმართულებით არსებული გამოწვევები.

გორში გამართულ შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატისა და ათამდე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტუდენტური პროექტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები“, ფარგლებში ქალაქ გორიდან შერჩეული მონაწილე, რომელიც რეგიონში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებს.

ღონისძიების ბოლოს მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის საჭიროებები და მიმართულებები განიხილეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს. ღონისძიებები ევროპის საბჭოს ,,არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერის” პროექტისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით იმართება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები