ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, SOS ბავშვთა სოფლის „ქუთაისის“ აღსაზრდელები შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს ესტუმრნენ
ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, SOS ბავშვთა სოფლის „ქუთაისის“ აღსაზრდელები შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს ესტუმრნენ. ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებთან ერთად შეკვეთილში იმყოფებოდა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი – პეტრე ადამაძე.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ბავშვებმა დაათვალიერეს ახლად გახსნილი პარკი, გაეცნენ ფლორის და ფაუნის ეგზოტიკურ წარმომადგენლებს.
„ეს ღონისძიება განკუთვნილი იყო SOS ბავშვთა სოფელ „ქუთაისის“ პროგრამის ალტერნატიული ზრუნვის ბენეფიციარებისთვის. გვინდოდა, ბავშვებისთვის გვეჩუქებინა ლამაზი, დასამახსოვრებელი დღე. ამასთანავე, ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივი, შიდა ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა პეტრე ადამაძემ.
„ძალიან გვიხარია, რომ დღევანდელი დღე აჩუქა ქუთაისის მერიამ ჩვენს ბავშვებს, რომლებსაც დიდი ხანია უნდოდათ დენდროლოგიური პარკის დათვალიერება. ბავშვების სოციალიზაციისათვის უმნიშვნელოვანესია ასეთი ღონისძიებები. აღფრთოვანებულები არიან ნანახით, ემოციებს და შთაბეჭდილებებს ვერ მალავენ. დიდი მადლობა ჩვენი ქალაქის მერიას ამ საჩუქრისთვის“,- აღნიშნა SOS ბავშვთა სოფელ „ქუთაისის“ განათლების პროგრამის კოორდინატორი, ხათუნა გოგიძე.
მერიის ინფორმაციით, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, თავისი უნიკალური კოლექციით და ორიგინალური განაშენიანებით, საუკეთესო გარემო აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბავშვებს ბიომრავალფეროვნება კარგად შეეგრძნოთ და ეს ერთი დღე საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაეტარებინათ.