ბაღდათის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის მე-15 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მოსახლეობისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება უფრო ხელმისაწვდომი გახდა, რადგან ამ დრომდე, მათ ქუთაისის ბიუროსთვის მიმართვა უწევდათ.

მათივე ცნობით, საკონსულტაციო ცენტრის ადვოკატი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის, კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება და ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობა.

საკონსულტაციო ცენტრი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა – რაჟდენ კუპრაშვილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე – კახა ენუქიძესთან ერთად გახსნა.

რაჟდენ კუპრაშვილმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების რწმუნებულებს, საკრებულოს წევრებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს იურისტ-კონსულტანტი მაია ხვადაგიანი წარუდგინა და მისი მუშაობის გრაფიკი გააცნო.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები