დაბა გომისმთაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის მოსამზადებელ სამუშაოებს თეა წულუკიანი გაეცნო

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლებაში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გომისმთაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

მინისტრმა მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გომისმთის მცხოვრებთ პირადად გააცნო და საინფორმაციო მასალები გადასცა.

საჯარო რეესტრის საველე ჯგუფებმა მინისტრს გაუზიარეს ინფორმაცია საკადასტრო აზომვების ტექნიკურ საკითხებზე, მათ შორის, რელიეფურ სირთულეებსა და მეტეოროლოგიურ პირობებზე, გეოდეზიური ხელსაწყოების მუშაობის სპეციფიკასა და სხვა პროცედურულ დეტალებზე. მიუხედავად არეალის კომპლექსური ხასიათისა, საამზომველო სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

მინისტრთან ერთად სისტემური რეგისტრაციის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია გაეცნო.

„იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის №562 ბრძანების საფუძველზე, დასარეგისტრირებელი დიდი ფართობის გათვალისწინებით, სისტემური რეგისტრაციის განსახორციელებლად სულ შვიდი მაღალმთიანი გეოგრაფიული არეალია განსაზღვრული, სადაც მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ეს არეალებია: ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები; ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები; ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლება.

დასახელებულ არეალებში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდება. შერჩეული გეოგრაფიული არეალების საერთო ფართობი 85 292 ჰექტარს შეადგენს, სადაც სისტემური წესით კერძო, მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვას არ დაელოდება და ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას – საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების დარეგისტრირება – საკუთარი ინიციატივით უფასოდ განახორციელებს. პროექტი კერძო მესაკუთრეებს საშუალებას მისცემს, მიწის ნაკვეთები მარტივად და უფასოდ დაირეგისტრირონ, შეძლონ რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვა და ეკონომიკური სარგებლის მიღება.

მესაკუთრეების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წელს დაიწყო და წარმატებით ხორციელდება. 4 წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გამარტივებული და ხელმისაწვდომი პროცედურებით, დაახლოებით, იმავე ოდენობის მიწის ფართობი დარეგისტრირდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან რეფორმის დაწყებამდე, ანუ 25-წლიან პერიოდში. რეფორმის მიზანია საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს და ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად დაიფაროს“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები