აღდგენილი ელექტრომომარაგება და საავტომობილო გზები – რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობისათვის საჭირო დახმარების გაწევის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას”, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობას აგრძელებენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ დროისათვის, „ენერგო პრო ჯორჯიას” ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ყველა სოფელს.
“ინტენსიური სამუშაოების შედეგად, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელ გზაზე. შემოვლითი გზა მოწყობილია სოფელი ღარი-ჯინჭვისის მიმართულებით. სოფელ გლოლაში დასრულებულია მდინარე ბოყოს კალაპოტის ფორმირება. სოფელ გლოლაში, შარდომეთსა და ნაკიეთში რეაბილიტირდა წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთები. კურორტ შოვის ტერიტორიაზე კი შეკეთდა დაზიანებული შიდასაუბნო გზა. რეაბილიტირებულია სოფელ უწერას სასმელი წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთების 80% და გრძელდება ძველ გლოლაში შიდა სასოფლო გზის დაზიანებული მონაკვეთებისა და ნაპირსამაგრის აღდგენითი სამუშაოები.
აქტიურად გრძელდება სამუშაოები ქალაქ ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის აღდგენის მიზნით. ლაგვანთაში, ნაკიეთსა და ქალაქ ონში მიმდინარეობს დატბორილი სახლების წმენდა. დროებითი გადასასვლელი მოეწყო ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის დაზიანებულ 127-ე და 128-ე კმ-ზე დაჩაშლილი გზის დროებით აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს გზის 129-ე კმ-ზე. სარმის ხიდის მონტაჟის სამუშაოები გრძელდება სოფელ ხიდეშლებთან და სოფელ ლაგვანთასთან მისასვლელ გზებზე.
საერთო ჯამში, უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან. ჯერჯერობით, 5 სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად. სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენისა და მეხანძრე მაშველების დახმარებით, სოფელ ჭიორადან თერჯოლის რეფერალურ კლინიკაში გადაყვანილია პაციენტი ინსულტის დიაგნოზით. ადგილზე მუშაობას აგრძელებს ზარალის დამდგენი კომისიაც”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.