ჯორჯი და სააკი – მიუსაფარი ძაღლები ბათუმიდან, რომლებსაც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში წაიყვანენ

მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ მიუსაფარი ცხოველები მნიშვნელოვნად დააზარალა. ისინი, ადრინდელისგან განსხვავებით, ქუჩაში საკვების ნარჩენებს ვეღარ პოულობდნენ და ძირითადად სიცივისა და შიმშილისაგან იხოცებოდნენ.

მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ერთერთი მიუსაფარი ძაღლი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მეპატრონემ ბათუმში მიატოვა. სეტერი – ჯორჯი, რომელიც  დაახლოებით 6 წლისაა პატრონმა მახოს ხიდთან ჩამოსვა და მიატოვა. ჯორჯი პატრონის დაბრუნების მოლოდინში ტერიტორიას  არ ტოვებდა.

ერთგულ ცხოველზე ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. ,,მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფ – ბათუმში“ დაიწერა, რომ ძაღლი ძალიან განიცდიდა ქუჩაში ცხოვრებას და შესაძლოა, ამისთვის ვერ გაეძლო.

როგორც ჯგუფის დამაარსებელი თეონა ყურშუბაძე ,,რეგიონულ კვირას“ უყვება, ძაღლის შესახებ დაწერილი პოსტი ამერიკაში მცხოვრებმა ბათუმელმა – ოლგა ბიდიხმა გააზიარა, რომელსაც ერთ-ერთი ბრიტანული კომპანია დაუკავშირდა და ძაღლის ჩუქებაზე სურვილი გამოთქვა. ორგანიზაციის მიზანი აღნიშნული სეტერის ჯიშის გადარჩენაა.

,,ის ერთგულება, რაც ძაღლებს შეუძლიათ დაუფასდა ჩვენს ჯორჯს. სექტემბერში ეს ძაღლი აღმოჩნდება დიდ ბრიტანეთში, იპოვის ოჯახს და ცხოვრების ბოლომდე იქნება მათთან. ძალიან დიდი ძაღლი იყო, მეშინოდა ამას ვინ წაიყვანს-მეთქი. გაზრდილი ძაღლის გაჩუქება ძალიან რთულია. თუმცა ამერიკაში მცხოვრები ბათუმელი, ოლგა ბიდიხი დამიკავშირდა და მითხრა, ერთ-ერთი ორგანიზაცია ძაღლით დაინტერესდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბრიტანეთში გამგზავრებამდე მოვძებნეთ დროებითი შემფარებელი, ყველა დოკუმენტაციას ვამზადებთ იმისათვის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში გადავიდეს ძაღლი და იქედან ბრიტანეთში გაემგზავროს“,-გვიყვება თეონა ყურშუბაძე.

​ჯორჯის მსგავსად გაუმართლა დალმატინელსააკსაც, რომელიც ბათუმში, ცხოველთა დროებით თავშესაფარში იმყოფება. მის შესახებაც მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფიდან გახდა ცნობილი. მხსნელი ისევ ამერიკაში მცხოვრები ბათუმელი აღმოჩნდა. მიუსაფარი დალმატინელით აშშ-ში, ფლორიდის შტატის დალმატინელების გადარჩენის ორგანიზაცია დაინტერესდა. მეპატრონისგან დაწუნებული დალმატინელის წარმოშობა გაურკვეველია, თუმცა ცნობილია რომ XIX საუკუნის ევროპასა და ბრიტანეთში მათი ძირითადი ფუნქცია ცხენებშებმული ეტლის გვერდით სირბილი და მძარცველებისგან მგზავრების დაცვა იყო. ეს ძაღლი მღრღნელების გამანადგურებლადაც ჰყავდათ. მათ ძალიან უყვართ ბავშვები და მეპატრონეებთან ერთად ყოფნა.

რაც შეეხება სეტერს – იგი მეძებარი ძაღლების ჯიშს მიეკუთვნება. იყენებენ გარეულ ფრინველზე სანადიროდ. გამოირჩევა ძლიერი ყნოსვით.

თეონა ყურშუბაძის თქმით, მსგავს ძაღლებში სწორედ ეს გამორჩეული თვისებებია, რაც მეპატრონეებს ხიბლავთ. ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ორგანიზაციების ინიციატივაც-წაიყვანონ მიუსაფარი ცხოველები, სწორედ ამ ჯიშების გადარჩენას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები