დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 16 273 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია16 273 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც 6 521 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
სამინისტროს ცნობით, ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (62% – 10 108 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (33% – 5 323 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (3% – 543 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, მოლდოვას, სლოვენიის, უკრაინისა და სინგაპურის რესპუბლიკებში.
“მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს 22 სამაცივრო მეურნეობა.
ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება.
პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.
გარემოს დაცვისა დასოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით”, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.