შსს-მ დააკავა ნარკორეალიზატორთა ჯგუფი, რომელთა მიერ დანაშაულებრივი სქემით მიღებულმა თანხამ 2020 წლის განმავლობაში 2 მილიონამდე ლარი შეადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს, თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,”- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები