ირაკლი ჩიქოვანი: საარჩევნოდ იქნება ბევრი ფოკუსი, რომელსაც ოპონენტები შემოგვთავაზებენ, მაგრამ ჩვენ გვექნება ძალიან საქმიანი კამპანია
არ არის დაშინება, არ არის ადამიანების შევიწროება, არ არის ადამიანების გაძევება საკუთარი სახლებიდან. რაზეც, ამ ყველაფერზე, პოლიტიკური სახელმწიფო მანქანა მუშაობდა, – ასე შეაფასა წინასაარჩევნო გარემო სამეგრელოში, მმართველი გუნდის მაჟორიტარმა კანდიდატმა ზუგდიდის ოლქში ირაკლი ჩიქოვანმა, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“.
ჩიქოვანის განცხადებით, ოპონენტი პოლიტიკური ძალები, ზუგდიდის საარჩევნო ოლქს, როგორც პოლიტიკური რევანშიზმის შესაძლებლობას ისე უყურებენ, რადგან მისი თქმით, ზუგდიდის უზარმაზარი პოლიტიკური პოტენციალი გააჩნია.
„ერთმნიშვნელოვნად პატივს ვცემ ყველა იმ ზუგდიდელს, ვინც სხვა პოლიტიკურ ოპონენტს უჭერს მხარს ან კანდიდატს, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ გვაქვს საკმაო გამოცდილება დაგროვილი. 2012 წელს ვიყავი „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი ზუგდიდში. შეუდარებელია ის გარემო, რაც მაშინ იყო. შეცვლილიც არ ჰქვია, ამის შედარებაც კი არ შეიძლება. არ არის დაშინება, არ არის ადამიანების შევიწროება, არ არის ადამიანების გაძევება საკუთარი სახლებიდან. რაზეც, ამ ყველაფერზე მუშაობდა, პოლიტიკური სახელმწიფო მანქანა. ეს დღეს ზუგდიდში არ არის და ამას ზუგდიდელები, კარგად ხვდებიან. საარჩევნოდ იქნება ბევრი ფოკუსი, რომელსაც ოპონენტები შემოგვთავაზებენ, მაგრამ ჩვენ გვექნება ძალიან საქმიანი კამპანია, თანმიმდევრული და დამყარებული შედეგებზე, რომელიც უკვე დაიდო“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატი ზუგდიდის ოლქში, ფიქრობს, რომ ზუგდიდს სჭირდება ადამიანები, რომლებიც ზუგდიდზე იზრუნებენ და არა გამოიყენებენ მას.
„ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მაჟრიტარობის კანდიდატად, ოფიციალურად 20 ივლისს წარადგინა.