სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლ.პ დააკავა და ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ლ.პ-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანში სხვადასხვა დროს მოიძია კომერციული მიზნებისთვის ხელსაყრელ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი 2000 კვ.მ. და 0,51 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ადიგენი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზასთან ახლოს მდებარეობს, რომელთაგან ერთი – 2014 წელს, ხოლო მეორე – 2017 წელს წარადგინა საჯარო რეესტრში მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად.

„2014 წელს ლ.პ-მ ბოლომდე ვერ მიიყვანა დანაშაულებრივი ქმედება, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გამოააშკარავეს მისი განზრახვა, რაც შეეხება 2017 წელს, ლ.პ.-მსაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით მოახერხა დაეუფლებოდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს მიადგა40139,9 ლარის ოდენობის ზიანი.

ლ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მცდელობა, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ლ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები