აღდგენილი გზები და ელექტრომომარაგება – რაჭაში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
რაჭაში მეოთხე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონაში ელექტროენერგია 11 სოფელში უკვე აღდგენილია, ხოლო 5 სოფელი ჯერ ისევ უშუქოდაა დარჩენილი.
რაც შეეხება გზებს, ყველაზე რთული ნაწილი 127-ე კილომეტრი უკვე ათვისებულია, ამ მონაკვეთზე ხანგრძლივი სამუშაოების შედეგად გზის გაჭრა მოხერხდა. 128-ე კილომეტრზე, უწერის ზევით ღების მიმართულებით, დარჩენილია 3 ჩავარდნილი მონაკვეთი, მუშაობს 26 ტექნიკა. შესაბამისად, 11 სოფელში გზა უკვე აღდგენილია, ხოლო ზემო რაჭის ხუთ სოფელში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება.
რაც შეეხება ფრენებს, სტიქიის ზონიდან, ჯამში 439 ადამიანია გაყვანილი.
ცნობისთვის, 4 დღის წინ რაჭაში ღვარცოფმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რეგიონს. სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა, დაზიანდა ცენტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი. სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს.