ეგზოფრუტი – ქართული ჩირის ისტორია გურიანთიდან

მანდარინის, კივის, ფეიხოას და ხურმის ჩირი – ალბათ ბევრი ჩვენგანისთვის უცხო „ხილია“. თუმცა ეს ყველაფერი ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში, საწარმოში „ეგზოფრუტი“ მზადდება. ქართული ხილის პიკანტური გემოები ჩირში იდეალურად არის გამოკვეთილი. „ეგზუფრუტის“ მთავარი პროდუქტი მანდარინის ჩირია, რომელიც ბაზარზე სიახლეა.
როგორც „ეგზოფრუტის“ დირექტორი, დავით ბეჟუაშვილი “რეგიონულ კვირას”, თავიდან ყველაფერი ერთი ღუმელით დაიწყო, შემდეგ უკვე საწარმო გაფართოვდა და საშუალებას იძლევა ექსპორტზე გავიდეს და  ქართული პროდუქტი უცხოეთის ბაზარზე გაიტანოს.
„ამ ეტაპზე ჩირის ოთხი სახეობა გვაქვს დაბრენდილი, ეს არის მანდარინის ჩირი, ხურმის, ფეიხოას და კივის ჩირები. ამ პროდუქციაზე ხუთ წელზე მეტია ვმუშაობთ. თავიდან ერთი ღუმლით დაიწყო ეს საქმე, მანდარინის ჩირით, რომელიც ახალი იყო ბაზარზე, ახლაც ახალია. მომავლისთვის იგეგმება გამოვაშროთ სხვა კენკროვანები, ძირითადი აქცენტი გვაქვს ბახმაროს მოცვზე, რომელიც უნიკალური თვისებებით გამოირჩევა და ბიოლოგიურად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია.
სამწუხაროდ, ამ პანდემიის პირობებში კენკროვანზე წელს ვერ ვიმუშავეთ, მომავალი წლიდან, როგორც კი ეს პრობლემები მოიხსნება, ვგეგმავთ, რომ კენკროვანი ხილი გავაშროთ“.
დავით ბეჟუაშვილი „რეგიონულ კვირასთან“ საუბარში ამბობს, რომ „ეგზოფრუტი“ ძირითადად უცხოეთის ბაზარზეა გათვლილი. თუმცა ამ მომენტისთვის ექსპორტს გლობალური პანდემია უშლის ხელს. აქედან გამომდინარე, პროდუქცია მხოლოდ ადგილობრივ, ქართულ ბაზარზე ვრცელდება.
„ეს ძირითადად საექსპორტო პროდუქციაა, რომელიც გათვლილი იყო ექსპორტზე. პანდემიიდან გამომდინარე, მაინც ვუყურებთ ადგილობრივ ბაზარს, რამდენიმე ქსელში შესული ვართ“,- ამბობს დავით ბეჟუაშვილი.

„ეგზოფრუტით“  უცხოეთში უკვე რამდენიმე კომპანია დაინტერესდა, თუმცა პანდემიის გამო, ჯერ-ჯერჯობით ვერ თანამშრომლობენ. ქართული წარმოების ჩირი მაღალი ხარისხის არის.
„გერმანიაში მწვანე კვირეულზე ვიყავით ორჯერ, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა პროდუქციამ. გეგმებიც გვქონდა, ვერ მივედით კონკრეტულ ხელშეკრულებებზე, ისევ და ისევ ამ პანდემიის გამო. ბელორუსიაში „ქართული სახლი“ დაინტერესდა ჩვენი პროდუქციით, საცდელად მცირე რაოდენობა გავუგზავნეთ. ჩვენი პროდუქცია მაღალი ხარისხის არის, ყოველგვარი დანამატების და კონსერვანტების გარეშეა“,- აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
„ეგზოფრუტში“ ადგილობრივები არიან დასაქმებულები, სრული დატვირთვით მუშაობისას, საწარმოში 18 ადგილობრივია დასაქმებული:
„საწარმოში სეზონზე 18 ქალბატონამდე არის დასაქმებული, ყველა მათგანი ადგილობრივია. ამ ეტაპზე მხოლოდ დამზადებული პროდუქციის შეფუთვაზე ვმუშაობთ, რომ ადგილობრივ ბაზარს მივაწოდოთ. თანამშრომლების რაოდენობაც შემცირებულია. იმედი გვაქვს, რომ შემოდგომიდან ისევ სრული შემადგენლობით ავამუშავებთ საწარმოს“, – გვიყვება ბეჟუაშვილი.

როგორც “ეგზოფრუტის” დირექტორი ამბობს, მანდარინის ჩირი მათი კომპანიის მთავარი პროდუქტია, თუ თავის პოტენციალს მთლიანად გამოიყენებს, გურიაში მანდარინის არცერთი ნაყოფი არ გაფუჭდება. შესაბამისად, ფერმერებს მეტი მოტივაცია ექნებათ.
„საწარმოს გაფართოება დამოკიდებული იქნება შეკვეთებზე,მსოფლიოში მშრალ ხილზე მოთხოვნა ყოველ წელს იზრდება. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის მანდარინის ჩირი, რაც ჩვენი ძირითადი პროდუქტია. ქართული მანდარინი, იმიტომ არა, რომ ჩვენ ვამზადებთ, უნიკალურია თავისი გემოვნური თვისებებით, ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს. მოთხოვნაც არის. მანდარინის ყველაზე დიდი მიმწოდებელი ჩინეთია, მაგრამ გემოვნებით ქართულ მანდარინს ანალოგი არ ჰყავს. ეს მარტო ჩემი ნათქვამი არ არის, დასაბუთებულია ყველაფერი. მოთხოვნაც დიდია. ვფიქრობ, რომ პოტენციალი ამ სახით ქართუულ მანდარინს დიდი ექნება. თუ მივხედეთ ამ თემას, ვფიქრობ, რომ მანდარინის ერთი ნაყოფიც არ გაფუჭდება გურიაში“,- დასძინა ბეჟუაშვილმა.

თათია სამსონიძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები