ზუგდიდის სასწრაფო დახმარებას ახალი შენობა და თანამედროვე ავტომობილები გადაეცა
ზუგდიდის სასწრაფო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა და ევროსტანდარტების შესაბამისი სასწრაფო დახმარების ავტომობილები გადაეცა. ადმინისტრაციული შენობა, დღეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გახსნა და თანამშრომლებს განხორციელებული სიახლეები პირადად მიულოცა. რაც შეეხება განახლებულ ავტოპარს, ზუგდიდის გადაუდებელი დახმარების სამსახურს, ჯამში – 5 ახალი, სრულად აღჭურვილი ავტომობილი გადაეცა. მათგან 4 სასწრაფო დახმარების მანქანაა, ხოლო ერთი – რენიამობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 25 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 28 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.