სოფელ ადიშში “ლიჩანიშობის” დღესასწაული აღინიშნა
ყოველ წელს, კვირიკობის მომდევნო ხუთშაბათს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრში (XVIII- XIX საუკუნეები) უძველესი ტრადიციული დღესასწაული – „ლიჩანიშობა“ იმართება.
ეს დღე წმინდა გიორგის სახელთანაა დაკავშირებული, რომელიც უშვილო წყვილებისთვის განსაკუთრებულ შემწედ მიიჩნევა.
წმინდა გიორგის ტაძარი სოფლიდან ოთხ კილომეტრში მდებარეობს. აღნიშნული გზის გავლა მხოლოდ ფეხით ან ცხენითაა შესაძლებელი.
როგორც ადგილობრივი ზაურ ფანგანი „რეგიონულ კვირას“ უამბობს, სოფელ ადიშში მცხოვრები ოჯახები (ხუთი ოჯახი) მორიგეობით იღებენ პასუხისმგებლობას აღნიშნული დღესასწაულის ორგანიზებაზე. „ლიჩანიშობას“, თითოეული უშვილო ოჯახი, რომელსაც იმ წელს ვაჟი შეეძინა, მადლიერების ნიშნად მსხვერპლად სწირავს საკლავს და ვაჟის სახელ დაწერილ დროშას აღმართავს. როგორც ადგილობრივები განმარტავენ, სწორედ ვაჟიშვილი მიჩნევა გვარის გამგრძელებლად და ეს ტრადიციაც ამას უკავშირდება.
როგორც საქართველოს სხვადასხვა მთიან კუთხეში, ადიშშიც არსებობს გარკვეული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ტაძარში ,სადაც მამაკაცები ლოცულობენ, ქალის შესვლა აკრძალულია. მანდილოსნებისთვის კი, ცალკე სამლოცველოა გამოყოფილი.
ლოცვის დამთავრების შემდეგ ტრადიციულად, ქვის აწევაში შეჯიბრი იმართება, რომელსაც „საჯილდაო” ჰქვია.
წელს, „ლიჩანიშობის“ დღესასწაულს სოფელ ადიშში, უამრავი მომლოცველი და ტურისტი ეწვია.