ერგნეთში ოთხმხრივი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
უშედეგოდ დასრულდა ერგნეთის რიგით 96-ე ტექნიკური შეხვედრა. მოლაპარაკების მაგიდასთან ქართულმა მხარემ დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქის უპირობა გათავისუფლება მოსთხოვა, რაზეც სეპარატისტული რეჟიმისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.
თითქმის 7-საათიანი შეხვედრის შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების წამომადგენელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ანთაძემ მედიასთან შეხვედრის დეტალებზე , უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეოაბასა და წნელისი – ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ სასაზღვრო ზოლთან არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
“ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ უტარდება გეგმური სამედიცინო მომსახურება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ირგვლივ განვითარებული დესტრუქციული პროცესები, რა თქმა უნდა იყო განხილვის საგანი და დღის წესრიგის განხილვის საგანი, თუმცა ეს არ ყოფილა დაკავშირებული უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხთან . ყველაფერი ის, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, ეს რა თქმა უნდა არის, როგორც პოლიციის ასევე ჩვენი სამსახურის დაინტერესების საგანი. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ მსაგავსი ტიპის აქტივობებს უნდა მოვეკიდოთ უაღრესად პასუხისმგებლობით”, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან 24 სექტემბერს კვლავ შეიკრიბებიან.
ცნობისთვის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 11 თვიანი პაუზის შემდგეგ დღეს გაიმართა. მსგავსი ფორმატის წინა შეხვედრაზე დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად მოლაპარაკების მაგიდა დატოვეს.