დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმას ხელი მოეწერა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ გომისმთის განაშენიანების რეგულარული გეგმის შემუშავება მოხდება, რაშიც გაეროს განვითარების პროგრამა აქტიურ ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს მუნიციპალიტეტს.
კურორტ გომისთას სულ რამდენიმე თვის წინ მიენიჭა დასახლების სტატუსი, ამჟამად კურორტი სრულად ჩამოყალიბებულია დასახლებად. განაშენიანების რეგულირების გეგმა შესაძლებლობას მისცემს ის უნიკალური გარემო, რაც იქ არის, მაქსიმალურად შენარჩუნდეს.

მემორანდუმს ხელი გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მოაწერეს.

ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი: “ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ეს არის გომისმთის სივრცითი განაშენიანების გეგმა.რამდენადაც მე ვიცი, ეს არის უნიკალური ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ადგილების სწორი განვითარება.რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ არანაირად არ დაზიანდეს და არ მოხდეს ადამიანების ჩარევა ველური ბუნების პროცესებში. ჩვენ მთელ საქართველოში ვახორციელებთ ამგვარ ადგილობრივი მხარდაჭერის პროექტებს. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ, რომ ეს არის ერთ – ერთი საშუალება იმისა, რომ ადამიანები გამაგრდნენ იქ, საიდანაც არიან, ჰქონდეთ შემოსავალი,იამაყონ არაჩვეულებრივი ბუნებით და იმ ყველაფრით რაც მათ ადგილზე აქვთ. ჩვენ ამ პროგრამას ფინანსურ დახმარებას ვუწევთ და გარკვეული კატალიზატორის როლს ვასრულებთ ამ პროცესების განვითარებაში”, – განაცხადა ვინტონმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის განცხადებით, გომისმთის განაშენიანების გეგმა, იქ არსებულ ქაოტურ მშენებლობებს დაარეგულირებს.
“მთავარი ის არის, რომ ეს დოკუმენტი შეიქმნა და გაეროს განვითარების სააგენტო თანამშრომლობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან. დოკუმენტი, რომელიც შეიცავს განაშენიანების გეგმის მომზადებას, რაც პრობლემაა დღეს გომისთმაზე და მიდის ქაოსური და არაკანონიერი მშენებლობები. ეს დოკუმენტი კანონის ჩარჩოებში მოახდენს ამ ყველაფერს და შესაბამისად თვითონ ის ადამიანები იქნებიან კმაყოფილი, ვინც იქ ცხოვრობს, თუ ისვენებს”,- თქვა კონსტანტინე შარასენიძემ.

გენერალური განაშენიანების გეგმის პარალელურად, გომისმთასთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობაც მიმდინარეობს, დროთა განმავლობაში, კურორტზე იქნება ყველა ის კომუნიკაცია, რაც დასახლებას უნდა ჰქონდეს, იქნება ეს შუქი, წყალი, თუ გაზი.
“გაეროს განვითარების პროგრამასა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შორის მემორანდუმზე, რომელიც გულისხმობს გომისმთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისთვის. განაშენიანების გეგმა მოგვცემს საშუალებას სწორი აქცენტები გავაკეთოთ კურორტის განვითარებისთვის, აუცილებელია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოება. ძალიან მალე დაიწყება უკვე გზის მშენებლობა – გზა, რომელიც დააკავშირებს ოზურგეთს გომისმთასთან. 18 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გარდა ამისა, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ზღვა და მთა დავაკავშიროთ ერთმანეთს. ყველა ვიზიტორს რომ საშუალება ჰქონდეს როგორც მთის, ასევე ზღვის კურორტების მონახულების”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში,ზურაბ ნასარაიამ.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, მოძრავი საინფორმაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ოზურგეთის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა წარადგინა:
“ეს არის მოძრავი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მივიტანოთ დაინტერესებულ პირებამდე, ტურისტულ კომპანიებამდე. მომდევნო კვირიდან დაგეგმილი გვაქვს საინფორმაციო გასვლები, პირველი ჩატარდება ურეკში, მინიატურების პარკის მიმდებარედ, ვაპირებთ გასვლას ბათუმში და სადაც წარვადგენთ გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინმორმაციას. ამითი ჩვენ შევძლებთ, რომ პირველები ვიყოთ ამ მიმართულებით, მსგავსი გამოცდილება საქართველოში არ არსებობს. დიზაინიც ისე კარგად აქვს შერჩეული გაეროს განვითარების პროგრამას, რომ ნამდვილად საინტერესო იქნება ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ჩვენს კუთხეში სტუმრობა. ჩვენთან მოსულ ადამიანს შესაძლებლობა გვექნება გავუმასპინძლდეთ ნამდვილი გურული ჩაით”,- განაცხადა ალეკო მამეშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები