ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დაიწყო

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომუშავე ჯგუფის შეხვედრა დაიწყო. ოთხმხრივი შეხვედრის დაწყებამდე ქართული მხარის წარმომადგენელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განცხადება გააკეთა.
ანთაძის თქმით, ტექნიკურ შეხვედრაზე, ქართული მხარე საქართველოს სამი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებისა და ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების საკითხებს დააყენებს.
“11-თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს შედგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით 96-ე შეხვედრა. მოგეხსენებათ, რა ფონზე გვიწევს ამ შეხვედრის ჩატარება, უკანონო პატიმრობაში იმყოფება სამი ჩვენი თანამოქალაქე. შეხვედრაზე დადგება მათი უპირობა გათავისუფლების საკითხი, რათა ისინი დროულად დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბოლო შეხვედრიდან ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს,რაც აზიანებს უსაფრთხო გარემოს და ასევე ხდება ხელოვნური შეზღუდვების დაწესება, ვგულისხმობ, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ”, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის, სოფელ ერგნეთში ოთხმრივი, რიგით 96-ე შეხვედრა 11-თვიანი პაუზის შემდეგ აღდა. აღნიშნული ფორმატის შეხვედრის ჩაშლის მიზეზი, ოსური მხარის მიერ საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს, წნელისი-ჩორჩანას მონაკვეთზე ქართული ბლოკსაგუშაგოს მოწყობა დასახელდა, რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები