ზუგდიდში ეთნოსივრცე ოფიციალურად გაიხსნა

ზუგდიდის სკეიტ პარკში პროექტი ,,ეთნოცენტრი-ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში ეთნოსივრცე ოფიციალურად გაიხსნა.

„დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში, გაეროს პროგრამის მხარდაჭერით ეთნოსივრცე გაიხსნა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს რეწვის ნიმუშების რეალიზების შესაძლებლობა ექნებათ.  ამ სივრცეს აქვს ორმაგი ეფექტი. გარდა იმისა, რომ მეწარმეებს ექნებათ თავიანთი ნამუშევრების გაყიდვის შესაძლებლობა, ასევე, ჩვენს მუნიციპალიტეტში მოსულ ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა ზუგდიდიდან წაიღონ ადგილობრივი რეწვის ნიმუშები და სამახსოვრო ნივთები. ამდენად, ეს სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი რეწვისა და მეწარმეების ხელშეწყობის კუთხით, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის”-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა. პროექტი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.

მოსაზრება, რომ ზუგდიდში არსებულიყო სივრცე, სადაც მეწარმეები თავიანთი პროდუქციის რეალიზებას შეძლებდნენ ადგილობრივ მეწარმეებს ეკუთვნით, რომლის განხორციელება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიცირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხდება.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, ეკონომიკური პროგრამების ხელმძღვანელი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში ბექა თაგაური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები