“გაიღიმე თელავში ხარ” – საქართველოსთან გაიგივებული მიხო პაპა და 24 წლის თელაველი მხატვრის ისტორია
თელავისადმი სიყვარული მის ხასიათს განსაკუთრებულად ცვლის და ამ ქალაქის კედლებიც მის ჩანაფიქრს სხვანაირად იტევს. “რეგიონული კვირა“ იმ ნახატების ავტორს გაგაცნობთ, რომელმაც დიდი ისტორიის მქონე ქალაქს თავისი შემოქმედებით, მრავალფეროვნება, თანამედროვეობა და კახელებისთვის საყვარელი პერსონაჟები ერთმანეთს დაუკავშირა და ერთ დიდ ოჯახად აქცია. ქუჩის მხატვრობას მთელი ქალაქის კედლებზე შეხვდებით და მათი ნახვა ნებისმიერ გამვლელს წამიერად მაინც სასიამოვნო ღიმილს მოგვრის, თელაველებს კი სიამაყესა და თავდაჯერებულობას მატებს.
24 წლის ნოდო ნახუცრიშვილი, თელაველი ახალგაზრდაა, რომლის შთაგონების წყაროც ის კედლებია, სადაც მისი ნააზრევი და ემოციები სრულყოფილებას იძენს და ერთ სივრცეში, დროსა და განზომილებაში თავსდება. აქ მისი ნახატები განსაკუთრებულად უყვართ და ნოდოც სრულიად უანგაროდ, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე ცდილობს თელაველები გააღიმოს და განწყობა უკეთესობისკენ შეუცვალოს.
სპეციალურად „რეგიონული კვირისთვის“ ახალგაზრდა მხატვარმა კახელებისთვის საყვარელი მიხო პაპა დახატა, სლოგანით – “გაიღმე თელავში ხარ” და მართლაც ყველა გამვლელ-გამომვლელი გააღიმა, რაც ავტორის თქმით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
კითხვაზე- რატომ მიხო პაპა, ნოდო დაუფიქრებლად გვპასუხობს. რომ ეს პერსონაჟი საქართველოს გავს.
„ძალიან ახალგაზრდული გატაცებები მაქვს და უამრავი მეთოდიკა და ხელწერა, რითაც შეიძლება კედელზე სხავადსხვა სახით გადმოვიტანო, მაგრამ მიხო პაპას პეროსნაჟში ყველაზე მეტად მიყვარს ის, რომ კეთილია, გამომეტყველებითაც, თავის ხასიათითაც და დამოკიდებულებითაც, თუნდაც ნებისმიერი ადამინის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა მისთვის თანამედროვე იქნები თუ ძველი გადმონაშთი და ქართული ძველი ტრადიციული მამაპაპური ოჯახიდან. ვფიქრობ, ყველა ადამიანს აქვს დადებითი და ერთერთი განსაკუთრებული პერსონაც მიხო პაპაა კახეთდან, რომელსაც აქვს ტრადიციული სითბო და სიყვარული, გრძნობები და ემოიციები, რაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ერთი შეხედვით გაუზიაროს. თუნდაც თავისი ღმილით და სითბოთი, ან ზუსტად იმ ჭაღარით.
საქართველოსთან ვაიგივებ ძალიან მიხო პაპას, ის თვისებები, რაც შეიძლება მიხო პაპას გააჩნდეს – საქართველოს თვისებებია“, – ამბობს ნოდო ნახუცრიშვილი.
ახალგაზრდა მხატვარი, რომელმაც გატაცება პროფესიად აქცია, ამბობს, რომ მისი ოჯახის ისტორია თელავიდან იწყება და ის ბავშვური მოგონებები და ნოსტალგია, რაც ამ ქალაქთან აკავშირებს, მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და რომ სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ თავისი ნახატების საშუალებით გააღიმოს და განსაკუთრებული შთაბეჭდილებები აჩუქოს თელაველებს.
„ჩემი ოაჯახის ისტორიის ათვლის წერტილი თელავიდან იწყება და ზუსტად ის საძირკველიც, რაც ჩემს თავს ჩაეყარა. აქედან გამომდინარე, ყველა ბავშვური მოგონებები და ის ნოსტალგიები, რომლებიც გულზე შემომაწვება ხოლმე, ყველაფერი თელავს უკავშირდება. ზედმეტადაც კი მიყვარს თელაველი ხალხი და ვცდილობ, მაქსიმალურად, რითაც შემიძლია, იმით გავუზიარო ჩემი ბედნიერება, გავაღიმო თუნდაც ან გავახარო“, – ამბობს ახალგაზრდა მხატვარი.
ნოდოს თქმით, რაც ყველაზე კარგად გამოსდის და სიხარულს ანიჭებს, ეს შავ-თეთრი კედლების გაფერადებაა, რაც მისივე თქმით, ადამიანებს ყოველდღიურ რუტინას წყვეტს და წამით მაინც უფერადებს ცხოვრებას.
ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის ასაკს, რომ ყველას გულში სითბოა და მიზეზები, რომელთაც ჩვენი გაღიმება შეუძლია. თავად ნოდოსთვის კი ღიმილი – ქუჩების მოხატვასა და მათ გაცოცხლებაშია.
სალომე გრძელიშვილი