“გაწვიმების შემთხვევაში 12 ოჯახს საფრთხე ემუქრება“ – სტიქიამ ლენტეხში მდინარე ლასკადულას ჯებირი დაანგრია

„ლენტეხის მუნიციპალიტეტში მომხდარმა სტიქიამ კიდევ ერთი დიდი პრობლემა შექმნა, მდინარე ლასკადურასთან მოსახლეობისა და გზის დამცავი 30-მეტრიანი ჯებირი ჩამოინგრა და ერთი მოსახლის დამხმარე ნაგებობა ჩაიტანა“, – ამის შესახენ „რეგიონულ კვირას“ ლენტეხის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა განუცხადა.
ჩამონგრეული დამხმარე ნაგებობა ლამარა ონიანის საკუთრებაა და შენობაში ოჯახს უამრავი ნივთი ჰქონდა განთავსებული. როგორც ოჯახის დიასახლისი “რეგიონულ კვირასთან” საუბრობს, ღამით მოულოდნელმა ხმაურმა გააღვიძათ და გარეთ გამოსულებს ნახევარი სათავსო წაქცეული, ხოლო დამცავი ჯებირი ჩამონგრეული დახვდა.
„გუშინდელმა სტიქიამ და ქარბორბალამ ჩვენი დამხმარე ნაგებობა და ჯებირი დაანგრია. მდინარე ლასკადურა ძალიან ვერაგი ბუნებისაა და მოულოდნელად იცის ადიდება,შუაღამისას ხმა გავიგეთ და ძალიან შევშინდით. ჯებირის ჩამოქცევის ხმა იყო, შუადღეზე ეზოში ვიჯექი და დამხმარე ნაგებობა სულ ჩაიქცა. დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ, წყალი აქვე, ახლოსაა, აგვისტოში იცის ადიდება და ასეთ შემთხვევაში მოსახლეობა საფრთხის წინაშე დადგება“, – ამბობს ლამარა ონიანმა.
ონიანების ოჯახის განმარტებით, მას შემდეგ, რაც 112-ზე ზარი განახორციელეს და საშიშროების შესახებ საგანგებო სამსახურს შეატყობინა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, მერი და სხვა თანამდებობის პირები ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, მდგომარეობას გაეცნენ და არსებული სიტუაცია შეისწავლეს.
მოსალოდნელ საშიშროებაზე საუბრობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანიც.

„სტიქიამ სამწუხაროდ კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დაგვაყენა-მდინარე ლასკადურაზე მოსახლეობისა და გზის დამცავი 30 მეტრიანი ჯებირის მონაკვეთი ჩამოიშალა.არსებული მდგომარეობა ამ ტერიტორიაზე დასახლებულ 12 ოჯახს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის, სიტუაცია რთულია, მდინარე ლასკადურას მოულოდნელი ადიდება და საფრთხის შექმნა სჩვევია”, – ამბობს ლენტეხის მერი.
ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, სიტუაციის გამოსასწორებლად სწრაფი რეაგირებაა საჭირო და ამაში მერიას ცენტრალური ხელისუფლების დახმარების იმედი აქვს.

„აუცილებელი ღონისძიებებია გასატარებელი, რომ მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხისგან ვიხსნათ, ჩვენი ძალებით ამ პრობლემასთან გამკლავება ძალიან გაგვიჭირდება, უახლოეს დღეებში დახმარებისათვის შუამდგომლობით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართავთ, რათა გამოყონ თანხები მდინარე ლასკადურას ჯებირის აღსადგენად , რომელიც საშიშროების წინაშე არა მარტო 12 ოჯახს აყენებს, არამედ შეიძლება ითქვას, რომ მთელ მუნიციპალიტეტსაც“, – თქვა ლენტეხის მერმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები