“დილიდან დავიწყებთ ზარალის დათვლას“ – სტიქიის მეორე დღე ლენტეხში
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ლენტეხის ექვსივე სოფელში ადგილობრივი ხელისუფლება ზარალის დათვლას ხვალიდან დაიწყებს. დილიდან სოფლებში ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივებთან ერთად პრობლემების დროულად მოგვარების გზებზე საუბრობენ.
მოსახლეობის თქმით, სოფლებში განადგურდა სასოფლო-სამეურნეო ნათესები, ვენახები, ბოსტნები, დაზიანდა ელექტრო-გადაცემის ხაზები, ჩაიხერგა შიდასასოფლო გზები და ასევე დაზიანდა წყალგაყვანილობის სისტემები.
“რეგიონულ კვირასთან” საუბრისას მოსახლეობა აცხადებს, რომ საჭირო ღონისძიებები დროულად გატარდა.
„პირველ რიგში, ამინდმა შეგვიწყო ხელი, ყველაფერი შედარებით ჩაწყნარდა, გუშინვე აღსდგა ელექტროენერგია, ტრაქტორები მოიყვანეს და გზებიც გაწმინდეს, საშინელი მდგომარეობა იყო, ხანდაზმულთა მონაყოლიდანაც კი ვერ ვიხსენებთ ასეთ ამინდს. ჩვენი ხელმძღვანელობა დაგვპირდა, რომ კომისიას გამოუშვებენ, ზარალს დაითვლიან და დაგვეხმარებიან. ჩვენც ამ იმედით ვართ“, – ამბობს სოფელ ხოფურის მკვიდრი მადონა მუსელიანი.
სტიქიამ ხეხილი, ნათესები და ბოსტანი სოფელ ნანარიში მცხოვრებ ვერა მუკბანიანსაც სრულად გაუნადგურა. როგორც ის ამბობს, მარტო ცხოვრობს და დახმარების გარეშე ძალიან გაუჭირდება პრობლემების გამკლავება.
„ყველაფერი დამიზიანა, ბოსტანი გამინადგურა, მე თავად დავრეკე სოფლის რწმუნებულთან და ჩემი გასაჭირი ვაუწყე. დამპირდა, რომ კომისია მოვა და ზარალს ამინაზრაურებენ. გუშინ კარგად იმუშავეს, ელექტროენერგია და გზები აღადგინეს“, -ამბობს ვერა მუკბანიანი.
როგორც “რეგიონულ კვირას” ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა უთხრა, სტიქიის პირველივე დღეს სამხარეო ადმინისტრაციამ, მერიამ და შესაბამისმა სამსახურებმა კოორდინირებულად იმუშავეს.
”ენერგო და სამაშველო სამსახურებმა შეძლეს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების აღდგენა, გაიწმინდა ჩახერგილი გზები, ყველა დაზარალებულ სოფელთან აღდგა კომუნიკაცია. ექვსივე სოფელში წყალგამყვანი სისტემები რეაბიტირებულია. რაც შეეხება ზარალის დათვლას – კომისია უკვე შექმნილია, დარჩა უმნიშვნელო პროცედურული ნიუანსები, დღეს ყველა დოკუმენტაციას მოვაწესრიგებთ და ზარალის დათვლა ექვსივე სოფელში ხვალ დილიდან დაიწყება“, – თქვა ლენტეხის მერმა.
შეგახსენებთ, რომ სტიქია ლენტეხში ორი დღის წინ ღამე მოხდა. ძლიერმა წვიმამ, ქარიშხალმა და სეტყვამ 6 სოელი დააზიანა.