სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ,მაია ოშხარელმა მიიღო.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა. ადვოკატებმა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. ისინი დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. პროკურატურამ კი, ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა სიტყვით ისარგებლეს. 11 პირიდან ბრალს 10 არ აღიარებს, მხოლოდ ერთი – ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე აღიარებს ბრალს ნაწილობრივ, მას მხოლოდ აგარაკის ეპიზოდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ძალადობას ედავებიან.