„ღონისძიებები უკვე დაწყებულია და უახლოეს საათებში მოსახლეობა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება“ – ლენტეხის სოფლებში სტიქიის ზარალს ითვლიან.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ხოფურში, ნანარში, მაზაშში, გვიმრალასა და რცხმელურში სტიქიამ მოსავალი თითქმის სრულად გაანადგურა. ძლიერი სეტყვა, ქარი, წვიმა გამთენიისას, დილის 5 საათზე დაიწყო და თითქმის ნახევარი საათი გაგრძელდა. სეტყვამ და ქარმა დააზიანა შიდასასოფლო გზები და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. როგორც ადგილობრივები „რეგიონულ კვირასთან“ ჰყვებიან, მოულოდნელმა სეტყვამ მათი ვენახები, ბოსტნები, საკარმიდამო სათეს-სავარგულები თითქმის მთლიანად გაანადგურა, მოთხარა ასწლოვანი კაკლის ხეები და რამდენიმე სახლს სახურავი ახადა.
სოფელ ხოფურის მცხოვრები, 70 წლის თამარ მუსელიანი იხსენებს, რომ საშინელმა ხმამ დილის 5 საათზე გააღვიძა, მისი თქმით იმდენად ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა იყო, გარეთ გამოსვლა ვერ მოახეხა.
„ მე და ჩემი მეუღლე ისე შევშინდით, ერთმანთის გადარჩენაზეღა ვფიქრობდით, გადაღების შემდეგ გარეთ რომ გამოვედი, გული მომიკვდა. ორი ასწლოვანი კაკლის ხე მოთხრილი, ვენახი და ბაღ-ბოსტანი სრულიად განადგურებული დამხვდა, ყურძნის მტევნები და ხეხილის ნაყოფი ძირს ეყარა, დავბერდი და ასეთი საშინელება ჯერ არ მინახავს“,-ამბობს სოფელ ხოფურის მაცხოვრებელი.
სტიქიამ სახლის სახურავი დაუზიანა მარიამ ღვაჩლიანს.
„ საშინელმა ხმამ გაგვაღვიძა, მცირეწლოვან შვილთან ერთად ვიწექი და მოულოდნელად საძინებელში წყალი ჩამოვიდა, სახურავი ახადა , ისეთი ძლიერი სეტყვა იყო, თოვლივით მოეფინა მთელ ეზოს, გამინადგურდა მოსავალი, ყველას ვთხოვთ, რომ დახმარება გვჭირდება და დაგვეხმარეთ, შიმშილისთვის ვართ განწირულები“,- ამბობს მარიამი.

სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სიტუაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი. მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ ლენტეხის 5 სოფელში ურთულესი მდგომარეობაა და მოსახლეობას თანადგომა სჭირდება.
„შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დღის ბოლომდე ზარალს დაითვლის, მდგომარეობის შესწავლის შემდეგ მაქსიმალურად კოორდინირებულად ვიმოქმედებთ, რათა მოსახლეობამ მთავრობის მხარდაჭერა მყისიერად იგრძნოს, ამჟამად სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ჩახერგილია გზები,შესაბამისი სამსახურები მობილიზებულებია და დაწყებულია სარებილიტაციო სამუშაოები“,- განაცხადა ლენტეხის მერმა.
მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა, დაათვალიერა სოფლების მდგომარეობა და მოსახლეობას თანადგომას დაპირდა, მისი განცხადებით დაზიანებულ გზებზე და ელექტროძაბვის ხაზების რეაბილიტაციაზე შესაბამისი სამაშველო სამსახურები უკვე მუშაობენ-„ სამაშველო ჯგუფებმა დილიდანვე დაიწყეს მუშაობა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, სამწუხარო ფაქტია, რომ მოსახლეობას სრულიად გაუნადგურდა საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბარები, ვენახები, შექმნილი კომისია ითვლის ზარალს და დღის ბოლომდე გვექნება სრული სურათი. ჩვენ ყველა ღონისძიებას ვატარებთ იმისთვის, რომ ამ სოფლების მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს“,-განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები