არჩილ გაგნიძის ადვოკატი: შაქარაშვილთან არანაირ შემხებლობაში გაგნიძე არ არის
არჩილ გაგნიძის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ტოიოტა ქამრის 6 მგზავრიდან, ფეხბურთელი არავის მოუკლავს. ამის შესახებ გაგნიძის ადვოკატმა მცხეთაში რაიონულ სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
„თუ სასამართლო არ მოექცევა საზოგადოების გავლენის ქვეშ და სამართლებრივად შეაფასებს აღნიშნულ საკითხს, დარწმუნებული ვარ, არანაირი სტანდარტი არ არსებობს, რომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე გამოიყენონ და დარჩეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებს, როგორიცაა 199-ე მუხლი, სადაც წერია, რომ თუ სასამართლოს სურვილი აქვს, მაგალითად, ჩამოართვას მაიდენტიფიცირებელი საშუალება – პასპორტი, პირადობა, ყოველ კვირას იაროს საგამოძიებო უწყებაში. აქედან გამომდინარე, თუ ექნება მზაობა სასამართლოს, დარწმუნებული ვარ, აღკვეთის ღონისძიებას შეცვლის. ბრალის დამძიმების შესაძლებლობას არ განვიხილავ. ახვლედიანის ჩვენება პირიქით, საჩვენო გარემოებებზე მიუთითებს. რასაც აქამდე ვიძახდით, რომ გარდაცვლილთან არანაირ შემხებლობაში გაგნიძე არ არის, ახლა დადასტურდა. ხელს გაგნიძეს არავინ ადებს. ცხონებული შაქარაშვილი იმ 6 პიროვნებას არ მოუკლავს. მე თითს არავისკენ ვიშვერ, არც „მერსედესის“ მგზავრებზე და არც სხვაზე. ვინ მოკლა შაქარაშვილი, ამას პასუხი საგამოძიებო უწყებებმა უნდა გასცეს. ყველა ჩვენი ეჭვის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია მივაწოდეთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობს გამოძიებასთან ღიად და გამჭვირვალედ; გულწრფელია, რაც მთავარია. მას ჩვენების მიცემაზე უარი არ უთქვამს, გაგნიძემ მოითხოვა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა, რაზეც საგამოძიებო უწყებამ უარი თქვა. აქედან გამომდინარე, ჰქონდა მას უფლება უარი ეთქვა, რომ თუ არ მაძლევთ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის საშუალებას, რათა ჩემი ჩვენება გადამოწმდეს, მაშინ შენ როგორ უნდა გენდო?! ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყების ნება არ არსებობს, თუ ასეთი ნება იქნება, გაგნიძე მზად არის გამოვიდეს და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა კობაიძემ.
შეგახსენებთ, მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება. სასამართლო სხდომა ამ წუთებში, მიმდინარეობს.