პროკურორი: 11-ვე ბრალდებულის მიმართ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. აღნიშნულ სხდომაზე დაკავებული 11 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება.
საქმის პროკურორის, გიორგი ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის პოზიცია უცვლელია და ისინი 11-ვე პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვებას ითხოვენ.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების ან არდატოვების საკითხი განიხილება. ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, ისევ იგივეა – 11-ვე ბრალდებულის მიმართ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას. ამ პირების მიმართ არსებობს უამრავი არგუმენტი, იყვნენ პატიმრობაში. არგუმენტებია ის, რომ მიმალვის საფრთხე არსებობს, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები და ასევე, მტკიცებულებების განადგურების რეალური საფრთხე, იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, მათ მიერ წინასწარ მიცემული ინფორმაცია არ შეესაბამება საქმის მასალებს და ასე შემდეგ, უამრავი გარემოებაა“,- განაცხადა პროკურორმა.