ხვალ მცხეთის რაიონული სასამართლო შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული 11 სრულწლოვანის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს

მცხეთის რაიონული სასამართლო ხვალ, 27 ივლისს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 11 სრულწლოვანი ბრალდებულისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხზე იმსჯელებს.
​პროკურატურამ, სრულფასოვანი გამოძიების მიზნით, 31 ივლისს დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის ერთი თვით გაგრძელება მოითხოვა, რის შედეგადაც დღის წესრიგში სრულწლოვანი ბრალდებულებისათვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი დადგა.

ბრალდებული მორაგბეების ადვოკატები სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართვას აპირებენ.

ამჟამად, 11 სრულწლოვან ბრალდებულს – ირაკლი მუმლაძეს, თენგიზ ბარბაქაძეს, საბა გოგშელიძეს, გიგა ტატიაშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკა ჟვანიას, საბა ჩხარტიშვილს, ვასილ მახარაძეს, არჩილ გაგნიძეს, ირაკლი წაქაძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს – გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. საქმეზე გამოძიება კიდევ ერთი, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ეს მუხლი არცერთ ბრალდებულს, ამ დრომდე, არ აქვს წარდგენილი.

რაც შეეხება ექვს არასრულწლოვან ბრალდებულს, იმის გათვალისწინებით, რომ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად, სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა და ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათი ბრალდების საქმე, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, სასამართლოში არსებითი განხილვისთვის 31 ივლისს წარიმართება.

თუმცა, ბრალდების განცხადებით, ეს გარემოება არ გამორიცხავს, შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი ბრალდებულებისათვის ახალი ბრალდების, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლის წარდგენას.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია ბრალდებული. აღსანიშნავია, რომ არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით შეატყობინა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები