ბაჩუკი ყურაშვილი: წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დაკავებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს დაკავებულის უფლებადამცველმა, ბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი მანქანა „ტოიოტა პრადო“ საკრებულოს აპარატის ერთერთმა თანამშრომელმა გამოიყენა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ სწორედ მან ჩატვირთა უაქციზო სიგარეტი მანქანაში.
ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს გაავრცელა.
უწყების ცნობით, საქმე ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტს ეხება.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.